მსოფლიო ბანკის და კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) მიერ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებები ფარმაციის სექტორში საუკეთესოდ დასახელდა. ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ დაჯილდოება 8 მაისს, შოტლანდიის ქალაქ ედინბურგში, კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) 24-ე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც GCCA-ის თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ესწრებოდა.
ნომინაციაში - კერძო ინვესტიციების, სამუშაო ადგილებისა და მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდისთვის მდგრადი კონკურენტული პროცესის მხარდაჭერა - გაიმარჯვა GCCA-ის ქეისმა, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე მონიტორინგის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შედეგად განხორციელებულ რეფორმებს, შეთანხმებული ქმედებების გამოვლენის გადაწყვეტილებებს ეხებოდა.
კერძოდ, GCCA-ის მიერ ფარმაციის ბაზარზე 13 რეკომენდაცია გაიცა, რის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შესაბამისად ქვეყანაში დაინერგა ელექტრონული რეცეპტის სისტემა, ამოქმედდა GMP და GDP სტანდარტი, დაინერგა რეფერენტული ფასი 7000-მდე მედიკამენტზე, შედეგად რიგ მედიკამენტებზე ფასები შემცირდა და პაციენტებმა მნიშვნელოვანი დანაზოგის გაკეთება შეძლეს. 2023 წელს კი GCCA-ს მიერ 4 ფარმაცევტული კომპანია 53 მლნ. ლარით დაჯარიმდა - სახელმწიფოს მიერ ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენის მიზნით გამოცხადებულ კონკურსებში იდენტური ფასწარმოქმნის დაწესების გამო.