რეფერენტული ფასები კიდევ 900-მდე მედიკამენტზე დაწესდა და ზღვრულ ფასებს დაქვემდებარებული პრეპარატების რაოდენობა 6034-ით განისაზღვრა. სია ბოლოს 20 დეკემბერს განახლდა და მაშინ მასში 5148 მედიკამენტი შედიოდა, ამჯერად კი ჩამონათვალში 6034 წამალია.
ჯანდაცვის სამინისტროს გაცხადებული პოზიციით, 2024 წლის პირველი კვარტალში რეფერენტული ფასები აქტიურ მიმოქცევაში მყოფ ყველა მედიკამენტზე დაწესდება. ასეთი კი 7 ათასამდე პრეპარატია.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის იანვრიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასი დაწესდა, რაც ნიშნავს, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს სახელმწიფომ განუსაზღვრა ის მაქსიმალური ჭერი, რომლის ზემოთაც წამლის რეალიზაცია აიკრძალა. რეფერენტული ფასები მათი გამოქვეყნებისთანავე არ შედის ძალაში და სექტორს ერთი თვე აქვს დრო, რომ, პრეტენზიების შემთხვევაში, საჩივარი დაწესებული ფასის დაკორექტირების მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართოს.