ბარიატრიული ქირურგიის სერვისის მიმწოდებელი ყველა სტაციონარული დაწესებულება ვალდებულია 2023 წლის 1 ოქტომბრამდე მიმართოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ახალი ნებართვის დანართის – „მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგია“ − მოპოვებასთან დაკავშირებით.


ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში, რომლითაც  სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა. 

დადგენილების თანახმად, კლინიკები, სადაც ბარიატრიული  ოპერაციები კეთდება, ქირურგიული პროფილის მომსახურების სტანდარტებთან ერთად, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: დაწესებულებაში დასაქმებული უნდა იყოს სულ მცირე, ერთი ქირურგი მეტაბოლურ-ბარიატრიული ქირურგიის სფეროში მუშაობის გამოცდილებით და ის დასაქმებული უნდა იყოს მხოლოდ ამ კონკრეტულ დაწესებულებაში. მას უნდა გააჩნდეს ლაპარასკოპიული ქირურგიის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება (რაც დასტურდება დაწესებულების დირექტორის მიერ); გასული კალენდარული წლის განმავლობაში ჩატარებული უნდა ჰქონდეს სულ მცირე, 30 მეტაბოლურ-ბარიატრიული ქირურგიული ჩარევა.

ამასთან, სერვისის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, რადიოლოგის, შინაგანი მედიცინის სპეციალისტის, ენდოსკოპისტის და, საჭიროების შემთხვევაში,  სხვა სპეციალისტების (მათ შორის, ფსიქოლოგის) მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა ადგილზე. გარდა ამისა, კლინიკაში უნდა მოქმედებდეს ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამა. 
კლინიკებისგან მოთხოვნილია ისეთი მონაცემების წარმოდგენა,როგორიცაა: წონის დაკლების მაჩვენებელი მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგიის შემდეგ 1-წლიან პერიოდში;
მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგიის შემდგომ 30-დღიანი გარდაცვალების მაჩვენებელი.

მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგიის სერვისში მონაწილე ყველა ქირურგი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში, საქმიანობის პროფილის შესაბამისად და ყოველწლიურად აგროვებდეს არანაკლებ 30 უსგ ქულას.

აღნიშნულ თემაზე დღეს კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, თუ პაციენტს აქვს შესაბამისი წონის ინდექსი, თანმხლები დაავადებები და ა.შ. მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეძლებათ ბარიარტრიული ოპერაციის გაკეთება, რადგან ეს საკმაოდ მძიმე ქირურგიული ჩარევაა.
„ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა კეთდებოდეს და ამიტომ მკაცრად განვსაზღვრეთ ის წესი, რა პირობის და კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში გაკეთდება ეს ოპერაცია“, - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ბარიატრიულ ოპერაციებს ანუ ისეთ ქირურგიულ ჩარევებს, რომლებიც პაციენტებს ჭარბი წონის დროს ენიშნებათ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2019 წლიდან აღარ აფინანსებს. ეს იყო ერთერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელიც მაშინდელმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მიიღო.