სამშობიარო კლინიკებისთვის დაწესებულმა რეგულაციებმა შედეგი გამოიღო. ამის შესახებ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში აცხადებენ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, თუ 2019 წელს საკეისრო კვეთების რაოდენობა მშობიარობების 40%-ს შეადგენდა, მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი იზრდებოდა და 2023 წელს 47%-საც კი გადააჭარბა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
სწორედ ამ ტენდენციის შემცირების მიზნით, ორი წლის წინ, 2023 წლის 15 ნოემბერს ახალი რეგულაციები ამოქმედდა. ცვლილებამდე სახელმწიფო ფიზიოლოგიურ მშობიარობას 500, საკეისრო კვეთას კი 800 ლარით აფინანსებდა იმის მიუხედავად, არსებობდა თუ არა სამედიცინო ჩვენება, თუ ეს მხოლოდ ქალის სურვილი იყო.
ცვლილებების შედეგად კი, როგორც საკეისროს, ისე ფიზიოლოგიური მშობიარობის ღირებულება გათანაბრდა და 1222 ლარამდე გაიზარდა. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ კლინიკას საკეისრო კვეთის გაკეთების ფინანსური მოტივაცია აღარ ჰქონდეს. ამასთან, დაფინანსება საკეისრო კვეთების შემთხვევაში მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით ჩატარებულ ოპერაციებზე ვრცელდება.
თუკი ორსული ჩვენების გარეშე, საკუთარი სურვილით გადაწყვეტს საკეისროს გაკეთებას, მას სახელმწიფო აღარ აფინანსებს და მთლიანი მომსახურების თანხა თავად უნდა გადაიხადოს.
კიდევ ერთი რეგულაცია, რამაც საკეისრო კვეთების რიცხვი უნდა შეამციროს, სამშობიაროებისთვის საკეისრო კვეთების ზღვრული ნორმის დაწესებაა. კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ეთიშებიან ის კლინიკები, სადაც საკეისრო კვეთების მაჩვენებელი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ზღვარს გადააჭარბებს. ეს ზღვარი კი, სამშობიაროების დონეების მიხედვით, სხვადასხვაა. მაგალითად, იმ სამშობიაროებში, რომლებიც გაურთულებელ მშობიარეებს იღებენ, საკეისრო კვეთების წილი 24%-ს არ უნდა აღემატებოდეს. მეორე და მეორე-მესამე დონის სამშობიარო დაწესებულებებში, სადაც გართულებულ მშობიარობებს იღებენ, წლის განმავლობაში საკეისროს მაჩვენებელი 40%-ზე მეტი არ უნდა იყოს. მესამე დონის კლინიკებში კი, სადაც ყველაზე რთულ შემთხვევებს მართავენ და საჭიროების შემთხვევაში ჩვილის ან დედას რთული ოპერაციებიც უტარდება, საკეისრო კვეთების დასაშვები მაქსიმალური ზღვარი 45%-ია.
რა შედეგები მოიტანა რეგულაციებმა და როგორია საკეისრო კვეთების 2024 წლის მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით, სტატისტიკა ამ ეტაპზე არ არსებობს.
თუმცა „იმედის“ და „გაგუას“ კლინიკებში, რომლებიც მეორე და მესამე დონეს შეესაბამება, აცხადებენ, რომ რეგულაციებმა საკეისრო კვეთების რაოდენობა შეამცირა.
გაგუას კლინიკის ხელმძღვანელის დავით გაგუას თქმით, საკეისროებს შორის ყველაზე ხშირად მოთხოვნით საკეისროები ტარდება, ანუ ოპერაციები, რომლებისთვისაც სამედიცინო ჩვენება არ არსებობს.
„პაციენტს აქვს უფლება, მოითხოვოს საკეისრო კვეთა და ეს, პრაქტიკულად, ჩვენებაშია, მაგრამ მედიცინა ამას არასაჭირო საკეისროდ თვლის. აი აქ უნდა გადავათქმევინოთ პაციენტს და ავუხსნათ ის მოსალოდნელი გართულებები, რომლებიც შეიძლება საკეისროს მოყვეს,“ - აცხადებს გაგუა.
„იმედის კლინიკის“ დირექტორის დავით კობეშავიძის თქმით, რეგულაციამ, რომლის მიხედვით, საკუთარი სურვილით საკეისროს ჩატარების შემთხვევაში ორსულმა მშობიარობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად უნდა გაიღოს, მათ კლინიკაში საკეისროების რაოდენობა შეამცირა. მეორეს მხრივ, კობეშავიძის განცხადებით, ექიმებმა უფრო აქტიურად დაიწყეს პაციენტებთან მუშაობა საკეისრო კვეთების გართულებებთან დაკავშირებით ინფრომაციის მიწოდების მიზნით.





