ბავშვთა კვების პროდუქციის კონკრეტული პარტიების გამოხმობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა კომპანიის მიერ, სიფრთხილის სახით და თუნდაც მინიმალური, პოტენციურად შესაძლებელი რისკების გათვალისწინებით, – ამის შესახებ შპს „ნესტლე საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი ალადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხარისხის საკითხები მათთვის პრიორიტეტულია.

„ნესტლე საქართველო“ ახორციელებს ბავშვთა კვების პროდუქციის NAN 1-ის და NAN 2-ის შეზღუდული რაოდენობის პარტიების ნებაყოფლობით გამოხმობას. სხვა პარტიების პროდუქციასა და სხვა სახის პროდუქტებს ეს არ ეხება. მითითებული პარტიებიდან პროდუქტის გამოყენების შედეგად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით საქართველოში მომხმარებლებისგან არცერთი მომართვა არ მიგვიღია. გამოხმობის გადაწყვეტილება მიღებული იქნა კომპანიის მიერ წინასწარი სიფრთხილის ზომის სახით, გლობალურად მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში. გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუყოვნებლივ მივაწოდეთ ინფორმაცია და ვთანამშრომლობთ მარეგულირებელ ორგანოსთან. ხარისხის საკითხები ჩვენთვის პრიორიტეტულია. გამოხმობის გადაწყვეტილება მივიღეთ, თუნდაც მინიმალური, პოტენციურად შესაძლებელი რისკების გათვალისწინებით. ვიღებთ ვალდებულებას, მომხმარებელს ავუნაზღაუროთ აღნიშნული პარტიებიდან ნაყიდი პროდუქცია. მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უვნებლობას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.

ცნობისთვის: მანამდე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ „ტოქსინ Cereulid-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო ბაზრიდან „ნესტლეს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღება მიმდინარეობს“.

1tv.ge