ჩანაცვლებითი თერაპიის დაფინანსების ტვირთი სრულად სახელმწიფომ უნდა აიღოს, კერძო სექტორის მონაწილეობის აკრძალვა კი დადებით ეფექტს ვერ მოიტანს, რადგან კონკურენციას შეზღუდავს. 
ამის შესახებ კლინიკა „ნეოგენის“ დირექტორმა, ნარკოლოგმა დავით ვადაჭკორიამ ტელეარხ TV36-სთან საუბარში პრემიერის ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომელიც ჩანაცვლებითი თერაპიაში კერძო სექტორის მონაწილეობის აკრძალვას გულისხმობს. 


ვადაჭკორიამ აღნიშნა, რომ ცვლილებები აუცილებელი იყო, თუმცა მთავარია, როგორ მოხდება აღსრულება. გარდა ამისა, მისივე თქმით, გასარკვევია მედპერსონალის ბედი, რომელმაც მოულოდნელად შეიტყო ცვლილების შესახებ და სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა.

დავით ვადაჭკორიას განცხადებით, ნარკოპოლიტიკის შესახებ საქართველოში 2019 წლამდე ინტენსიური საუბრები იყო, განხილვები იყო 2016 წლის არჩევნების წინა პერიოდშიც. 


თუმცა 2019 წლიდან, როცა პოლიტიკური სიტუაცია დამძიმდა, 2024 წლამდე პერიოდში, ეს პროცესი შეწყდა. ახლა კი, ის ფაქტი, რომ ხელისუფლება ამ საკითხით დაინტერესდა და დისკუსია გაიხსნა, დავით ვადაჭკორიას შეფასებით, მისასალმებელია.
ამასთან, ის აკრიტიკებს იმას, რომ გადაწყვეტილება  დისკუსიის გარეშე იქნა მიღებული.

„აუცილებელი იყო, მეტი კონსულტაცია გაევლოთ სპეციალისტებთან, სამწუხაროდ, განხილვა არ მომხდარა. რამდენიმე თვის წინ იმპერატიულად გადაიდგა ნაბიჯები გამკაცრების ნარკოპოლიტიკის გამკაცრების მიმართულებით, გამკაცრება მიდგომები რეალიზატორების მიმართ, ჩამოყალიბდა და გამოყოფილ იქნა ცნება რეალიზატორი, ხელშემწყობი, გადამცემი... პრინციპული იყო, რომ შემოვიდა სავალდებულო მკურნალობის ცნება. თუმცა ისეთი ნაბიჯები, რაც რადიკალურად შეცვლიდა სიტუაციას, ვერ დავინახე,“ - აღნიშნა ვადაჭკორიამ.

მისი შეფასებით, პრობლემა ძალიან სერიოზულია, რადგან, შეფასებითი კვლევის თანახმად, ქვეყანაში მძიმე ნარკოტიკის მომხმარებელი 50 ათასამდეა და ამ კუთხით ქვეყანა მსოფლიოს 5-ეულში შედის, თუმცა ნარკოლოგი ამბობს, რომ რეალურად, ეს ციფრი, შესაძლოა გადაჭარბებული იყოს და 40 ათასს არ აჭარბებდეს. 
მისი განმარტებით, საუბარია ძირითადად, მძიმე ნარკოტიკების ინტრავენურ მომხმარებლებზე. 
„სამწუხაროდ, პრობლემა მზარდია, ყოველდღიურად გვაქვს ამასთან შეხება. ეს პრობლემა გაახალგაზრდავდა და 14-15-16 წლის მოზარდები ერთვებიან ამაში. ისინი იწყებენ პერორალური გზით მოხმარებას და შემდეგ გადადიან სხვა ფორმებზე. გარდა ამისა, მყავს პაციენტები, რომლებმაც 50-55 წლის ასაკში დაიწყეს მოხმარება,“ - აღნიშნა დავით ვადაჭკორიამ.

მან აღნიშნა, რომ მისი კლინიკა დეტოქსის და რეაბილიტაციის კუთხით მუშაობს და მეტადონის პროგრამაში ჩართული არ არის. ამიტომ ცვლილებები მათზე არ აისახება. ის ამბობს, რომ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მონაწილეობაზე „ნეოგენმა“ შეგნებულად თქვა უარი, რადგან მის დიზაინს არასწორად მიიჩნევს.

ვადაჭკორიას განმარტებით, ჩანაცვლებითი თერაპია ორი მედიკამენტით ტარდება: ესაა მეტადონი და ბუპრენორფინი. თუმცა ევროპაში არის ქვეყნები, სადაც ჩანაცვლებითი თერაპია  სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებით, მათ შორის ჰეროინითაც ტარდება.

დავით ვადაჭკორიას განმარტებით, სახელმწიფო პროგრამაში ძირითადად მეტადონი გამოიყენება და მხოლოდ მცირე სეგმენტია 400 პაციენტია, რომელთანაც ბუპრენორფინი გამოიყენება. კერძო კლინიკები კი მხოლოდ  ბუპრენორფინით მუშაობენ და მეტადონის გამოყენების უფლება არ აქვთ. 


მისივე ინფორმაციით, კერძო კლინიკების მომხმარებლებს დღიური ვიზიტი 20-დან 30 ლარამდე უჯდებათ და, სტანდარტით, ამ სერვისს ყოველდღე უნდა იღებდნენ. თუმცა საქართველოში წარმოუდგენელია, არსებობდეს 2,3 ან 4 ათასი წამალდამოკიდებული, რომელიც თვეში 900 ლარის გადახდას შეძლებს.

„მე მომხრე ვარ, რომ ჩანაცვლებით თერაპიაში პაციენტს არ უწევდეს თანხის გადახდა. ამიტომ დიდი ხანია, ვამბობდი, რომ ეს დიზაინი გადასახედია და მთავრობამ ეს ტვირთი მთლიანად თავის თავზე აიღოს,“ - აცხადებს ვადაჭკორია.

ამასთან, მისი თქმით, მიდგომა, რომ კერძო კლინიკები ვერ განახორციელებ ამ პროგრამას, მცდარი აზრია და კონკურენციის მოსპობა არასწორი იქნება. 


„მე მაინც დაველოდებოდი, კანონში რა შესწორება იქნება. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ფასიანი კომპონენტი შენარჩუნდება. როგორ შენარჩუნდება, რა ფასზე იქნება საუბარი, არაა ცნობილი. ამას მეტი შემზადება სჭირდებოდა. ზოგადად, წარმოუდგენელი ვითარება რომ იყო და გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო, ეს პირდაპირ ჩანს, ხოლო რა არის ქვეტექსტი - რატომ გუშინ არ მოხდა და მოხდა დღეს, პოპულიზმია თუ საქმის კეთების სურვილი, ამას დრო გამოაჩენს. თუმცა ჩამაფიქრა იმან, რომ კერძო პროვაიდერებს აუკრძალეს ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება. ეს დარგში კონკურენციას ზღუდავს და კარგ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს. მეორეა ის, რომ გაურკვეველია დასაქმებული პერსონალის ბედი. რაც შეეხება პაციენტებს, წარმოდგენაც არ მინდა, რომ მედიკამენტების მიწოდებაში წყვეტა ექნებათ. თუმცა მინისტრმა თქვა, რომ ფასიანი კომპონენტი შენარჩუნდება, რაც ჩემთვის მიუღებელია - ჩემი აზრით, ჩანაცვლებითი პროგრამის ტვირთი სახელმწიფომ თავიდან ბოლომდე საკუთარ თავზე უნდა აიღოს. კიდევ თუ 800 და 900 ლარი იქნება, იმავე უარყოფით შედეგებს გამოიწვევს. თუმცა არ ვუშვებ, რომ სახელმწიფო დაუშვებს პროგრამის წყვეტას,“ - აღნიშნა დავით ვადაჭკორიამ.