კარგია, რომ სამინისტრო ამზადებს პროექტს, რომლის მიზანიც სამედიცინო ტექნოლოგიების რეგულაციაა. ამის შესახებ "პინეოს" გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა კახა ნურალიძემ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მომზადებული აქვს კანონპროექტი, რომლის მიზანიცაა სამედიცინო მოწყობილობების ქვეყანაში დაშვების რეგულაცია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. კანონმა უნდა მოაგვაროს ქვეყანაში უხარისხო სამედიცინო მოწყობილობების და მასალების ბრუნვა.


კახა ნურალიძის თქმით, ეს რეგულაცია დაიცავს როგორც პაციენტების ჯანმრთელობას, ისე - თანამედროვე მენეჯმენტის მქონე, კეთილსინდისიერ კლინიკებს, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებში სოლიდურ ინვესტიციებს დებენ.
 
 
„ძალიან კარგია, რომ სამინისტრო ამზადებს კანონპროექტს, თუ რომელი წლის ქვემოთ აღარ შეიძლება იყოს აპარატურა. ესაა პირდაპირი ზიანი პაციენტისთვის. ვინმემ  გაზომა ძველი კომპიუტერული ტომოგრაფია, რამდენი „გრეი“ აქვს გამოსხივება? გეუბნებით, რომ ეს გაცილებით საშიშია, ვიდრე ბირთვული მედიცინის ცენტრში მუშაობა,“ - განაცხადა ნურალიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში წლების წინ დაიწყო ახალი კლინიკების შექმნა, რომლებმაც დიდი ინვესტიციები ჩადეს თანამედროვე ტექნოლოგიებში, ექიმების და მედდების გადამზადებაში, ამ პროცესში მონაწილეობდნენ დონორებიც და სახელმწიფოც, მაგრამ შემდეგ დაიწყო ისეთი კლინიკების შექმნის პროცესი, რომელთა ფუნქციაც „ფულის ჭრაა“. მათ აქვთ ძველი აპარატურა, ეს კი, ნურალიძის თქმით, პირდაპირ უტევს სწორად მოქმედი ტოპმენეჯერების ინტერესებს, რომლებიც ხდებიან არაკონკურენტუნარიანები, რადგან ბევრი პაციენტი სწორედ ასეთ, „სარდაფის“ კლინიკებს ირჩევდნენ.

ამ კუთხით, კახა ნურალიძე მიესალმება იმას, რომ იწყება ასეთი კლინიკების შეზღუდვა, ამასთან, სასწრაფო დახმარების ბრიგადებს პაციენტი კლინიკაში გეოგრაფიული პრინციპით გადაჰყავთ  და არა თავად პაციენტის მოთხოვნით. მისივე შეფასებით, ასევე სწორია კლინიკების მოულოდნელი შემოწმებების ტაქტიკა.

ნურალიძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაში კორუფციასთან ბრძოლა მიმდინარეობს, რაც დადებითი ტენდენციაა.