სავარჯიშო მოწყობილობა, რომელიც მიზნად ისახავს სტრაბიზმის ანუ "სიელმის" და ამბლიოპიის ანუ "ზარმაცი თვალის" სტატისტიკის გლობალურ შემცირებას ბაზარზე, სავარაუდოდ, 1 წელში გამოჩნდება.
როგორც ამ ოფთალმოლოგიური, სამკურნალო და სავარჯიშო მოწყობილობის გამომგონებელი სტარტაპის - Eye2Eye-ს დამფუძნებელმა ვახტანგ ნანავამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, მოწყობილობა და სავარჯიშო სქემა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზე გაიტესტა, რამაც ძალიან კარგი შედეგები აჩვენა.
"ამჟამად ვიწყებთ ტესტირებების ახალ ეტაპს, რომელიც განკუთვნილი იქნება ოფიციალური ორგანოებისთვის როგორიცაა FDA (ამერიკის შეერთებული შტატების საკვების და წამლის მარეგულირებელი ფედერალური სააგენტო). მოწყობილობის ეფექტიანობა შემოწმებულია და შედეგები ნახეს დარგის სპეციალისტებმა", - აცხადებს ვახტანგ ნანავა.
მისივე ინფორმაციით, პროდუქტი უნიკალურია და შესაბამისად, მოთხოვნადი იქნება.
"ბაზარზე ჩვენს მოწყობილობას პირდაპირი კონკურენტი არ ჰყავს. Eye2Eye-ის როლი ოფთალმოლოგიური პრობლემების მოგვარებაში კოლოსალურია. აღნიშნულმა მოწყობილობამ დიდი დაინტერესება გამოიწვია როგორც დარგის სპეციალისტებში, ასევე ინვესტორებში.
აღნიშნული ცხადყოფს პროდუქტის უნიკალურობას და იმასაც, რამდენად მოთხოვნადი იქნება პროდუქტი. ვგეგმავთ გაყიდვების დაწყებას როგორც საქართველოში ასევე აშშ-სა და ევროპაში, ამჟამად ვახდენთ პროდუქტის დაპატენტებას აღნიშნულ ქვეყნებში, რის შემდეგაც პროდუქტი გაყიდვაში ჩაეშვება. ვაპირებთ კვლევის გაფართოებას, FDA Approval-ის აღებას და შემდგომ პროდუქტის ჩაშვებას გაყიდვაში", - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, სტარტაპი EyeEye საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულია.
bp.ge