ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში 9-დან 14 ივნისამდე პერიოდში, თირკმლის 15 ტრანსპლანტაცია ჩატარდა, რაც დროისა და გამოსავლის მიხედვით, რეკორდული ციფრია საქართველოში, აქამდე ჩატარებულ თირკმლის ტრანსპლანტაციებს შორის.
ინფორმაციას ამის შესახებ თავად კლინიკა ავრცელებს.
კლინიკაში აცხადებენ, რომ პროფესორი იან შმიდტი 2011 წლიდან, წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდის და ასრულებს თირკმლის ტრანსპლანტაციას განსაკუთრებული სირთულის პაციენტებში: სისხლძარღვების მძიმე ათეროსკლეროზული დაზიანება; დონორის თირკმლის სისხლძარღვთა რთული ანატომიური შენება; პედიატრიული პაციენტები.
დონორ-ნეფრექტომიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის ხანგრძლივობა არ აღემატებოდა 150 წუთს და თხუთმეტივე ტრანსპლანტატის ფუნქციის აღდგენა საოპერაციოში მოხდა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლიდან საქართველოში, სახელმწიფომ დაიწყო ღვიძლისა და ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციების დაფინანსება პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე, მათ შორის, საზღვარგარეთის კლინიკებში.
პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების თანახმად, რომელსაც ის პარლამენტს 27 ივნისს წარუდგენს და რომელიც 2024 ივნისი − 2025 წლის მაისის პერიოდს მოიცავს, ქვეყანაში თირკმლის ტრანსპლანტაცია 47 პაციენტს დაუფინანსდა.