საქართველოში მენჯის ჯანმრთელობის პირველი ცენტრი გაიხსნა. დაწესებულება ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის - თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ბაზაზე შეიქმნა.
როგორც ბალნეოლოგიურ კურორტში აცხადებენ, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, წლებია, წარმატებით ფუნქციონირებს მენჯის ჯანმრთელობის (PELVIC HEALTH) ცენტრები, კლინიკები და, ასოციაციები. საქართველოში კი პირველი ასეთი ცენტრი თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ბაზაზე ამოქმედდა.
ტერმინი „მენჯის ჯანმრთელობა“ გულისხმობს მცირე მენჯის ღრუში მოთავსებული ორგანოების და ძვალ-კუნთოვანი კარკასის ჯანმრთელობის მართვას, რეაბილიტაციას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ცენტრში მკურნალობენ პაციენტებს, როლებსაც შარდის და დეფეკაციის დარღვევები, ნაწლავის ფუნქციონირების, საშვილოსნოს დაწევისა და გამოვარდნის პრობლემები, სწორი ნაწლავის პროლაფსი, მშობიარობის შემდგომი კუნთოვანი სისუსტე, მენჯის ფსკერის კუნთების ტკივილი ან სისუსტე, სექსუალური დისფუნქცია და სხვა გართულებები აწუხებს.
ცენტრში დასაქმებულები არიან გამოცდილი ექიმები და რეაბილიტოლოგები, თერაპევტები, გინეკოლოგები და უროლოგები.
საჭიროებისას გუნდს ფსიქოლოგი ემატება.
ბალნეოლოგიური კურორტის სამედიცინო დირექტორი, ეკატერინე სანიკიძე აღნიშნავს: „დღე არ გავა, რომელიმე ახლობელმა თუ ნაცნობმა არ დამირეკოს რჩევისთვის, არ იკითხოს "საუკეთესო კლინიკა" თუ ექიმი. არადა, ხშირად სულ არ არის საჭირო დაუსრულებელი კვლევები და ძვირადღირებული წამლები, რადგან დარღვეული თუ დაკარგული ფუნქციის აღდგენა ფიზიკური და სარეაბილიტაციო მედიცინის დახმარებითაც, ან ინტეგრირებული მეთოდითაა შესაძლებელი. ამ ჯერზე ის მახარებს, რომ საქართველოში პირველი "მენჯის ჯანმრთელობის ცენტრი" ბალნეოს ბაზაზეა გახსნილი.“