საქართველოში სამედიცინო პროცედურებზე მოთხოვნა სომხეთიდან გაჩნდა, - ამის შესახებ ქართული სამედიცინო ტურისტული სტარტაპის Connect-ის დამფუძნებელმა ლევან ჭანუყვაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, სამედიცინო პროცედურების კუთხით სტომატოლოგია ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა.
ლევან ჭანუყვაძის თქმით, საქართველოში სამედიცინო პროცედურებზე მოთხოვნა ისრაელიდან იყო და ამჟამად, მიუხედავად იმისა, რომ ირან-ისრაელის ომის გავლენის ზუსტი შეფასება ჯერჯერობით შესაძლებელი არ არის, ბოლო დღეებში შემცირება ნამდვილად არის. მისი შეფასებით, ომმა ქვეყნის დატოვება და სამედიცინო ტურიზმი მეორე პლანზე გადასწია.
"რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე თურქული ბაზარი ფაქტობრივად ჩაიკეტა და აქედან გამომდინარე, საქართველოში სამედიცინო პროცედურებზე ისრაელიდან მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაზრდილი იყო. აქამდე თუ ისრაელიდან თითო-თითო პაციენტი ჩამოდიოდა, ბოლო პერიოდში გაიზარდა მათი რიცხვი და ჯგუფებად ჩამოდიოდნენ.
გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი უფრო აქტიურია სამედიცინო ტურიზმის კუთხით. ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს სომხურ ბაზართან. დაინტერესება მათგან წამოვიდა. სომხური ბაზარი არ არის იმხელა რამხელაც ისრაელის ბაზარია, თუმცა სომხურ ბაზარზე გასვლა ნიშნავს იმას, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებსაც დავაინტერესებთ", - აცხადებს ლევან ჭანუყვაძე.
რაც შეეხება საქართველოდან მოთხოვნას - ყველაზე დიდი დაინტერესება გამოკვლევების თვალსაზრისით თურქეთის მიმართულებით არის.
ლევან ჭანუყვაძის თქმით, თურქეთთან ერთად, საქართველოდან მაღალი მოთხოვნა გერმანიის მიმართულებით, თუმცა თურქეთი უფრო მეტად ბიუჯეტურია.
ცნობისთვის, სტარტაპი Connect-ი სამედიცინო მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს ინტერესების თანაკვეთისთვის ციფრულ სივრცეს სთავაზობს. სტარტაპი, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ამარტივებს სამედიცინო ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სერვისების მიღებასა და ანგარიშწარმოებას, როგორც მომხმარებლისთვის, ისე პროცესში ჩართული ორგანიზაციებისთვის.
სტარტაპი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულია.
შეგახსენებთ, რომ ისრაელი და ირანი რამდენიმე დღეა ერთმანეთის ტერიტორიების წინააღმდეგ დარტყმებს ახორციელებენ. დარტყმები ისრაელში 30 ადგილზე განხორციელდა, შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან ირანმა ისრაელის მიმართულებით 370 ბალისტიკური რაკეტა ისროლა.
bp.ge