თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ალტე უნივერსიტეტის პარტნიორობით, 29–30 ოქტომბერს, თბილისში, Hilton Garden Inn-ში, პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ (AIMCare 2026) იმართება.
ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები მსჯელობენ ხელოვნური ინტელექტის როლზე თანამედროვე მედიცინაში, სამედიცინო დიაგნოსტიკასა და თერაპიულ ჩარევებში. განიხილავენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებს სამედიცინო განათლებაში, პროფესიულ მომზადებასა და კლინიკური პრაქტიკის ადმინისტრირებასა და მართვაში. კონფერენციის მონაწილეები ასევე მსჯელობენ დარგობრივ ინოვაციებსა და ჯანდაცვის სექტორის განვითარების პერსპექტივებზე. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტექნოლოგიების უსაფრთხო და პასუხისმგებლიან გამოყენებას, მონაცემთა დაცვას, ეთიკურ საკითხებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანის როლის შენარჩუნებას.
კონფერენცია მედიცინის, ჯანდაცვისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებს, მკვლევრებს, კლინიცისტებს, ინჟინრებს, აკადემიური პერსონალის წევრებს, სტუდენტებსა და დარგის ექსპერტებს აერთიანებს. ღონისძიებაში მონაწილეობენ ადგილობრივი და საერთაშორისო მომხსენებლები, კლინიცისტები, ინჟინრები და ჯანდაცვის სექტორის ექსპერტები 10 ქვეყნიდან: საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ირლანდიიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და იორდანიიდან.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - გახსნეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა და ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტმა რამაზ კუკულაძემ. დამსწრე საზოგადეობას სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.
აღინიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტი უკვე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამედიცინო კვლევის, განათლების, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ჯანდაცვის პროცესების მართვაზე. ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს შორის თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების ერთობლივი განხილვა.
სწორედ ეს არის AIMCare 2026-ის მიზანი. კონფერენცია ქმნის ინტერდისციპლინურ სივრცეს, სადაც მედიცინის, აკადემიური და ტექნოლოგიური სფეროების წარმომადგენლები ერთმანეთს უზიარებენ კვლევის შედეგებს, პროფესიულ გამოცდილებასა და ინოვაციურ ხედვებს.





