ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც ტელემედიცინის მომსახურებაში ჩართული 30 სოფლის ექიმი იღებდა მონაწილეობას.
თავად ორგანიზაციის მონაცემებით, შეხვედრის მიზანი ექიმებს შორის ტელემედიცინის შესახებ გამოცდილების გაზიარება, კლინიკური შემთხვევების განხილვა და სამომავლო სტრატეგიების დაგეგმვა იყო, რაც რეგიონებში ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
შეხვედრის განმავლობაში: დაიგეგმა და შეფასდა ტელემედიცინის პროექტები, გაძლიერდა მონაწილეთა ლიდერული უნარები ციფრული ჯანმრთელობის მიმართულებით, გაიმართა დისკუსიები ყოველდღიურ პრაქტიკაში ტელემედიცინის უკეთ ინტეგრირების შესახებ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და მისი პარტნიორები საქართველოში ტელემედიცინის განვითარებას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ახორციელებენ. ამ მომენტისთვის 60 სოფლის ამბულატორია აღიჭურვა თანამედროვე ციფრული სისტემებით, რაც მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს ხარისხიანი და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურება სოფლიდან გაუსვლელად, დისტანციურად მიიღოს, დროისა და ფინანსების ზედმეტი ხარჯის გარეშე.