სად შეუძლია მოქალაქეს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ამ ოთხივე მიმართულებით, დოკუმენტაციის შეტანა? მოქალაქეთა ნაწილისთვის უცნობია, რომ გარდა თბილისში, წერეთლის 114 ნომერში განთავსებული სამინისტროს შენობისა, დოკუმენტაციის წარდგენა თბილისში, მიცკევიჩის ქუჩის 23 ნომერშია შესაძლებელი.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, მათ მომსახურებების ძალიან ფართო სპექტრი აქვთ, ამიტომ სერვისი უნდა იყოს სწრაფი, ეფექტური და ხელმისაწვდომი. აქედან გამომდინარე, გასული წლის დეკემბრიდან ერთი ფანჯრის პრინციპის კონცეფცია ამოქმედდა და პირველი ფილიალი, არსებული კონცეფციით, საბურთალოზე, მიცკევიჩის ქუჩაზე გაიხსნა.
ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურების ცენტრში მოქალაქე ერთ სივრცეში და ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებს სოციალური მომსახურების, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოების, ასევე – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით სრულყოფილ და უწყვეტ მომსახურებას.
სამინისტროს გეგმაშია, თბილისსა და რეგიონებში ასეთი 10 ფილიალის გახსნა იგეგმება. მათ შორის თბილისის ხუთივე ტერიტორიულ ერთეულში.