საინტერესო კონსულტაციები გვაქვს იმ მიმართულებით, რომ ჯანდაცვის სექტორში ჯიბიდან გადახდები შემცირდეს და სამედიცინო სერვისების ანაზღაურების სამი მოდელი - საყოველთაო, დაზღვევა და ჯიბიდან გადახდები - დალაგდეს.

ამ შინაარსის განცხადება სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ საუბარში გააკეთა.

მისი თქმით, არის საუბრები იმაზეც, რომ უნდა იყოს სტანდარტული მინიმალური პაკეტი როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ისე კერძო დაზღვევაში ჩართული მოქალაქეებისთვის. თუმცა სახელმწიფოს ამ დრომდე აღნიშნულ საკითხში ხისტი პოზიცია აქვს და აცხადებს, რომ ამ კუთხით რაიმე ცვლილება არ იგეგმება.

დევი ხეჩინაშვილმა ასევე განაცხადა, რომ არის გარკვეული ცვლილებების მოლოდინი იმ საკითხში, რომ დაშენებული პაკეტის შეძენა ყველა მოქალაქეს შეეძლოს. შეგახსნენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პარალელურად კერძო სადაზღვევო პაკეტის ქონის („დაშენების“)  უფლება მოქალაქეების მხოლოდ გარკვეულ კატეგორიას  (პენსიონერები, ბავშვები) აქვს და სდაზღვევო ინდუსტრია წლებია, მოითხოვს, ეს უფლება ყველა მოქალაქეზე გავრცელდეს. ამასთან, ინდუსტრიის და სფეროს ექსპერტების დიდი ნაწილის პოზიციაა, რომ უნდა არსებობდეს საბაზისო პაკეტი, რომელზე უარეს პირობებსაც სადაზღვევო კომპანია მომხმარებელს ვერ შესთავაზებს. 
 
დევი ხეჩინაშვილის თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ ამ „ძალიან სამწუხარო ამბავში“ 2024 წელს გარკვეული სასიკეთო ცვლილებები განხორციელდება.

„მგონია, რომ სუსტდება იმ უნიკალური ქართული მოგონების სიხისტე, რომ არ შეიძლება დაშენება. მეტად და მეტად გვესმის, რომ საყოველთაო ჯანდაცვაში, ჯიბიდან გადახდებსა და კერძო დაზღვევაში ყველაზე საზიანო არის ჯიბიდან გადახდა და ის უნდა შემცირდეს. 
ვფიქრობ, რომ პრაგმატულად აქეთკენ წავა ეს ყველაფერი და საინტერესო კონსულტაციები გვაქვს,“- განაცხადა ხეჩინაშვილმა.