ისრაელის საავადმყოფოები მოლოდინის მაქსიმალურ დონეზე არიან გადასული. მიზეზი ირანის მხრიდან შესაძლო შეტევაა - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

„ზურგში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა ყველა კლინიკას დაავალა, გაზარდოს მზადყოფნის დონე მაქსიმალურ ზღვრამდე, ასევე უზრუნველყოფს დაცულ ზონებსა და მიწისქვეშა კომპლექსებში გადაადგილება. საავადმყოფოები არ ჩაატარებენ ამბულატორიულ და გეგმიურ ღონისძიებებს,“ - ნათქვამია განცხადებაში.


ჯანდაცვის უწყების გადაწყვეტილებით, გადადებულია ბავშვთა კონსულტაციის სერვისებიც და მხოლოდ გადაუდებელი და სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცედურები ტარდება, მათ შორის დიალიზი.


სამინისტრომ ასევე გასცა ბრძანება, საავადმყოფოებმა გაწერონ ის პაციენტები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია არ ესაჭიროება.

შესაბამისად, ისრაელის სამედიცინო დაწესებულებები სრულ მზადყოფნაში არიან დაზარალებულების მასობრივი შეყვანის შემთხვევისთვის.

ისრაელში გვიან ღამით განაცხადეს, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა. 


ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანზე დარტყმისთვის ისრაელმა 200 მოიერიშე თვითმფრინავი გამოიყენა და 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.


ირანის სახელმწიფო მედიამ კი ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. 


საპასუხოდ, ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელი და აშშ მძიმე საფასურს გადაიხდიან. ისრაელს მკაცრი სასჯელით დაემუქრა ირანის სულიერი ლიდერიც.