შესაძლებელია ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეებისთვის ხარისხიანი მედიკამენტების უფრო ფართოდ ხელმისაწვდომობას - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბულგარეთში ყოფნისას განაცხადა, სადაც საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა.
“საქართველოში მიმდინარეობს მნიშვნელოვან რეფორმათა ეტაპი, განსაკუთრებით კი პირველადი ჯანდაცვის სფეროში, რომელიც ჩვენი მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. პირველადი ჯანდაცვა გვესახება როგორც სისტემის ბირთვი – სადაც იწყება და უნდა სრულდებოდეს პაციენტის ეფექტური მართვა. რეფორმის მიზანია ყოვლისმომცველი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისების უზრუნველყოფა მოსახლეობისათვის. ამ პროცესში ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო და ფასეულია უნგრეთის გამოცდილების გაზიარება – როგორ ხდება ოჯახის ექიმების გაძლიერება, როგორ ხდება სერვისების ინტეგრაცია და ეფექტური მენეჯმენტი პირველადი ჯანდაცვის დონეზე. გარდა ამისა, საქართველოსთვის საინტერესოა უნგრეთის გამოცდილება ფარმაცევტული ბაზრის რეგულირებაში. ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში ხორციელდება ნაბიჯები მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობისა და ფასების რეგულირების მიმართულებით. ამასთანავე, გვინდა გამოვხატოთ ინტერესი უნგრული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ქართული ბაზრით დაინტერესების მიმართ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეებისთვის ხარისხიანი მედიკამენტების უფრო ფართოდ ხელმისაწვდომობას” - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი განმარტებით სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა სოციალური დაცვის სისტემა კიდევ უფრო მეტად იყოს მორგებული მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს. “განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, რაც ხორციელდება შშმ პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) პრინციპების შესაბამისად. სამინისტრო ავითარებს რა ინკლუზიურ და თანამონაწილეობრივ პოლიტიკას და გვსურს უნგრელ პარტნიორებთან თანამშრომლობა გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ინიციატივების განვითარების მიმართულებით. ჩვენთვის საინტერესოა ორმხრივი თანამშრომლობა შრომითი მიგრაციისა და წრიული მიგრაციის საკითხებზე. სამინისტრო გამოხატავს მზადყოფნას, განიხილოს ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები უნგრეთთან შრომითი მიგრაციის მართვის მიმართულებით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართულობით. კანონიერად და კარგად მართულ მიგრაციას აქვს პოტენციალი, შეამციროს თავშესაფრის მოთხოვნების ზრდის რისკები და ამავე დროს ხელი შეუწყოს მაღალკვალიფიციური კადრების განვითარების პროცესს,”- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.