საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, ისრაელის საავადმყოფოები მუშაობის საგანგებო რეჟიმში გადავიდნენ - მათ მიწის ქვეშ გადაინაცვლეს. 


ისრაელში ნებისმიერი სახის ინფრასტრუქტურა საომარი საფრთხეების შესაბამისადაა აგებული. ცხადია, ერთ-ერთი პრიორიტეტული მათ შორის საავადმყოფოებია.

კლინიკებისთვის წინასწარაა მომზადებული სისტემატური დაცვის გეგმა.


ერთ-ერთი ცნობილი კლინიკის, იხილოვის საავადმყოფოს წარმომადგენელი სტას ანდრუსონი სოციალურ ქსელში წერს:

„იხილოვის საავადმყოფოში 20-წლიანი მუშაობის შემდეგ, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ მსოფლიოში არ არსებობს უფრო თანამედროვე და ექსტრემალური სიტუაციებისთვის მომზადებული საავადმყოფოები, ვიდრე ჩვენს ქვეყანას აქვს! საავადმყოფოს ქვეშ განთავსებულია დაკონსერვებული სამედიცინო სამყარო, რომელიც მზადაა ადამიანების გადასარჩენად,“ - წერს ანდრუსონი.

ისრაელის მიწისქვეშა საავადმყოფოები უნიკალური და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა, რომელიც შექმნილია, რომ შეასრულოს საკუთარი ფუნქცია საომარ პირობებშიც კი — მათ შორის სარაკეტო თავდასხმების, ქიმიური ან ბიოლოგიური საფრთხის პირობებში.


მიწისქვეშა საავადმყოფოები აგებულია სპეციალური, მყარი ბეტონით, რომლებიც უძლებს ბალისტიკური რაკეტებისა და ბომბების დარტყმას.


ბიოლოგიური, ქიმიური ან რადიაციული თავდასხმის შემთხვევაში მიწისქვეშა საავადმყოფო შეიძლება ჰერმეტულად დაიხუროს. სისტემა უზრუნველყოფს ფილტრაციას 
და ჩამდინარე ჰაერის კონტროლს.


მიწისქვეშა სექციებს აქვთ ავტონომიური ელექტრო გენერატორები, წყლის რეზერვუარები და მედიკამენტების მარაგები. 
ისინი აღჭურვილია კავშირგაბმულობის დამოუკიდებელი არხებით (რადიო, სატელიტი), IT სისტემები დაცულია კიბერუსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით.

საფრთხის დროს, პაციენტები ზედა სართულებიდან სპეციალური ლიფტებით ან პანდუსებით (ზოგჯერ დაცული დერეფნებით) გადაჰყავთ მიწისქვეშა სექციაში.


რაც შეეხება პერსონალის მომზადებას, მუდმივად იმართება რეგულარული წვრთნები, რათა სამედიცინო პერსონალს ნებისმიერ ვითარებაში შეეძლოს საკუთარი ფუნქციის შესრულება.  მათ აქვთ სპეციალური დამცავი ეკიპირება, ასევე გავლილი აქვთ სამოქალაქო თავდაცვის კურსები.


მიწისქვეშ მოწყობილია სრულფასოვანი საოპერაციო ბლოკები, ინტენსიური თერაპიის განყოფილებები და დიაგნოსტიკური აპარატურა.

მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ რამბამის სამედიცინო ცენტრი (Haifa), რომლის მიწისქვეშა საავადმყოფო 2014 წელს აშენდა. მასში განთავსებულია 2,000-საწოლიანი დაცული ბუნკერი.

შენობას შეუძლია იფუნქციონიროს 72 საათზე მეტხანს გარე სამყაროსთან კავშირის გარეშე.


ამ ინფრასტრუქტურის წყალობით, ისრაელში პაციენტების მკურნალობის პროცესი არ შეწყვეტილა - შეჩერებულია მხოლოდ არაგადაუდებელი, გეგმიური პროცედურები. გადაუდებელი და სასიცოცხლო მნიშვნელობის თერაპიები კი გრძელდება. საომარი მოქმედებების შედეგად დაშავებულთა მიღება და მკურნალობა შეუფერხებლად მიმდინარეობს.