გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ი „თანამემამულე“ კონკურენტის CureVac-ის შეძენას გეგმავს. გარიგების ღირებულებად 1,25 მილიარდი დოლარი სახელდება. 


BioNTech-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნული გარიგების მიზანია კიბოს მკურნალობის mRNA-ზე დაფუძნებულ მეთოდებზე მუშაობის გაფართოება.

გარიგება, რომელიც უკვე შეფასდა გარდამტეხ მომენტად გერმანიის ბიოტექნოლოგიურ სფეროში, გააერთიანებს ორ კომპანიას, რომლებიც ბევრი წლის განმავლობაში ერთმანეთს პირდაპირ კონკურენციას უწევენ COVID-19-ის ვაქცინებით დაწყებული, კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდების კვლევით დასრულებული.

BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პროფესორმა უღურ შაჰინმა განაცხადა: „ეს შენაძენი ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი ინვესტიციაა ონკოლოგიური მედიცინის მომავალში.“

CureVac-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსანდერ ზენდერმა კი განაცხადა: „უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ორივე კომპანია მსგავს მიზნებს ისახავდა და ხშირად სხვადასხვა პერსპექტივიდან უდგებოდა არსებულ გამოწვევებს. ამ გარიგებით ვცდილობთ გავაერთიანოთ mRNA-ს სფეროში არსებული სამეცნიერო გამოცდილება, ტექნოლოგიები და საწარმოო შესაძლებლობები ერთი ქოლგის ქვეშ.“

COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ mRNA ტექნოლოგია ბევრი მეცნიერი განიხილავს როგორც სერიოზული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის პერსპექტიულ მეთოდს.


2020 წელს, BioNTech-მა ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, ამერიკულ კომპანია Pfizer-თან თანამშრომლობით, ძალიან მოკლე დროში შეიმუშავა COVID-19-ის ყველაზე გაყიდვადი ვაქცინა.


2020 წლის გაზაფხულზე, როცა პანდემია დაიწყო, CureVac ასევე განიხილებოდა, როგორც არანაკლებ პერსპექტიული ვაქცინის შემქმნელი. იმ დროს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში, აშშ-ის მთავრობაც კი განიხილავდა კომპანიის შესყიდვას, რათა უზრუნველეყო mRNA ტექნოლოგიაზე წვდომა პანდემიის კონტროლისთვის.


თუმცა, 2020 წლის მაისში, საქმეში გერმანიის მთავრობა ჩაერია და CureVac-ის 23%-იანი წილი 300 მილიონ ევროდ შეიძინა. მიუხედავად ფინანსური მხარდაჭერისა, CureVac-ს COVID-19-ის ვაქცინა ბაზარზე არასდროს გამოუტანია.


CureVac-ის შეძენა BioNTech-ისთვის რამდენიმე კვირაში უკვე მეორე მნიშვნელოვანი გარიგებაა. 2 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ BioNTech-მა და ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Bristol Myers Squibb-მა (BMS) ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის ფარგლებში შეიძლება გაიცეს 11.1 მილიარდ დოლარამდე თანხა BioNTech-ის კიბოს წამლის ერთობლივი განვითარებისა და კომერციალიზაციისთვის.