ზაფხულის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება ტრადიციული დავა კონდიციონერების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. პირველებისთვის პრიორიტეტია გაგრილება, რადგან მათთვის ზაფხულის ცხელი დღეების გადატანა რთულია, მეორე „დაჯგუფების“ წარმომადგენლებს კი გაგრილების სისტემების მიმართ გადაჭარბებული შიშები აქვთ. სპეციალისტების თქმით, კონდიციონერზე უარის თქმა არ შეიძლება, თუმცა ის სწორად უნდა გამოვიყენოთ.
თემაზე გამოცემა Time.com წერს და შეგვახსენებს მე-19 საუკუნეს, როცა ტუბერკულოზის ეპიდემია იყო. მაშინ ექიმები ადამიანებს ურჩევდნენ, სახლის „ცუდი ჰაერისგან“ თავის დასაღწევად გარეთ ხშირად გასულიყვნენ.
1960-იან წლებში კი, აშშ-ში კონდიციონერი ფართოდ გავრცელდა, რამაც სახლში დარჩენის მიმზიდველობა გაზარდა. დღესდღეობით, ბევრი ჩვენგანი - ე.წ. „შენობებში მცხოვრები თაობა“ - ზაფხულს ძირითადად დახურულ სივრცეში ატარებს და სიცხისგან თავის დასაღწევად კონდიციონერს იყენებს.
ზაფხულის დღეებში ამ ტექნოლოგიას ხშირად სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, რადგან სიცხე ყოველწლიურად უამრავი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება, განსაკუთრებით ხანდაზმულებს შორის და - გლობალური დათბობის პირობებში. ჩვენი დალუქული, კლიმატ-კონტროლირებადი სივრცეები საშიში სიცხის დროს ჯანმრთელობას გვინარჩუნებს. კონდიციონერი ბევრ ადამიანს ასევე ეხმარება გარე დაბინძურებისგან თავიდან დაცვაში.
რამდენად მართალი იყვნენ მე-19 საუკუნის ექიმები, როცა ადამიანებს დაბინძურებული შიდა ჰაერის საფრთხეებზე აფრთხილებდნენ?
ეს დამოკიდებულია გარკვეულ ფაქტორებზე. „მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ კონდიცირებულ ოთახებში დიდი ხნის განმავლობაში ყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს რესპირატორული სიმპტომების გაძლიერება“, - ამბობს დოქტორი უილიამ ჩეკლი, პულმონოლოგი, ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო სკოლის მედიცინის პროფესორი. გთავაზობს იმ სარგებლის, რისკებისა და მარტივი გზების ჩამონათვალს, რომლებიც დაგეხმარებათ, კონდიციონერი უფრო ჯანსაღი გავხადოთ.
კონდიციონერის სარგებელი გაგრილების ეფექტზე მეტია. ჩეკლის თქმით, კარგად მომუშავე კონდიციონერის სისტემა ფილტრავს ჰაერს, რათა შეამციროს მტვრის და ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელებადი პათოგენების შეღწევა.
კონდიციონერი ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია დაბინძურების მქონე ადგილებში. მისი ფილტრები ასუფთავებს ჰაერს 2.5 ნაწილაკებისგან, რომლებიც გამოიყოფა ავტომობილების გამონაბოლქვში, სამრეწველო საქმიანობისა და ხანძრების დროს. კვლევები აჩვენებს, რომ მტვრის მცირე ნაწილაკები შედის სახლებში და ხელს უწყობს გულისა და ფილტვების დაავადებების განვითარებას, მაგრამ ეს ეფექტები არც ისე მძიმეა იმ ადგილებში, სადაც კონდიციონერი უფრო ხშირად გამოიყენება. „ყოველ ჯერზე, როდესაც კონდიციონერი მუშაობს, ის ჰაერიდან გარკვეულ ნაწილაკებს იწოვს“, - ამბობს ბრენტ სტივენსი, სამოქალაქო, არქიტექტურული და გარემოსდაცვითი ინჟინერიის პროფესორი ილინოისის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან.
კონდიციონერის ჩართვა ასევე ამცირებს ჰაერის ტენიანობას, რომელიც ხელს უწყობს ბაქტერიების, ობის და მტვრის ტკიპების ზრდას, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს - ან, იშვიათ შემთხვევებში, გამოიწვიოს - ისეთი დაავადებები, როგორიცაა პნევმონია, ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
თუმცა კონდიციონერის ზედმეტად გამოიყენება ჰაერს აშრობს, რაც ჯანმრთელობისთვის, კერძოდ სასუნთქი გზებისთვის არასახარბიელოა.
შესაბამისად, თუკი ნესტი იწვევს ობისა და მტვრის ტკიპების გაჩენას, ხოლო სიმშრალე - გაციების მსგავს სიმპტომებსა და დაავადებებს, უნდა შევინარჩუნოთ ოქროს შუალედი. ასეთი შუალედია სახლში იდეალური ტენიანობის შენარჩუნება - 40%-დან 60%-მდე.
ჩეკლი გვირჩევს, შევიძინოთ თერმოსტატი ტენიანობის სენსორით, რომელსაც ჰიგირომეტრი ეწოდება. თუ ტენიანობა 40%-ზე დაბლა დაეცემა, კონდიციონერი გამორთეთ. თუ ტენიანობა 60%-ს გადააჭარბებს, ისევ ჩართეთ.
ასევე მნიშვნელოვანია კონდიციონერის სწორი ექსპლუატაცია,
კერძოდ - კონდიციონერის ფილტრის შეცვლა, ფილტრისა და მილების გაწმენდა, რათა ეს ადგილები ობის, ბაქტერიების და ალერგენების გამრავლების წყარო არ გახდეს. საუკეთესო შემთხვევაში, ფილტრების გამოცვლა ყოველ 1-2 თვეშია საჭირო.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენს კონდიციონერს შეუძლია გარე წყაროებიდან PM2.5-ის შეკავება, ის არ ასუფთავებს სახლში წარმოქმნილ სხვა ტიპის ტოქსინს - აქროლად ორგანულ ნაერთებს. თუ კონდიციონერი მუდმივად ჩართულია და იშვიათად იღებთ ფანჯრებს, ჰაერი შესაძლოა ამ ქიმიკატებით იყოს სავსე.
პოტენციურად მავნე ნაერთებს გამოყოფს მრავალი საყოფაცხოვრებო პროდუქტი, როგორიცაა ავეჯი, საწმენდი საშუალებები და ჰაერის გამწმენდები. ისინი დაკავშირებულია თავის ტკივილთან, ყელის გაღიზიანებასთან, ჰორმონალურ დარღვევასთან და ხანგრძლივი ზემოქმედების შემთხვევაში, ქრონიკულ დაავადებებთანაც კი. ამ საფრთხეების შესამცირებლად კონდიციონერის პერიოდული გამორთვა და ფანჯრების გაღებაა საჭირო.
შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ ტენიანობის მონიტორინგი კონდიციონერის კარგ მოვლა-პატრონობასთან ერთად დაგეხმარებათ ამ ზაფხულში როგორც სიგრილის, ასევე ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.