გერმანიის კოალიციური მთავრობის წევრმა ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა განაცხადა, რომ აქვს გეგმა, სამედიცინო სპეციალობის უცხოელ სტუდენტებს არ მისცეს უფლება, ქვეყანა სწავლის დასრულებისთანავე დატოვონ. კავშირის მიზანია, ამ გზით გაუმკლავდეს გერმანიაში ექიმების დეფიციტის პრობლემას.
კავშირის საპარლამენტო ჯგუფის წარმომადგენელმა ზეპ მიულერმა Bild-თან საუბარში განაცხადა, რომ ისინი, ვინც გერმანიაში სწავლობენ, უნდა ემსახურებოდნენ ქვეყანას მინიმუმ 5 წლის განმავლობაში სწავლის დასრულების შემდეგ.
“მათ, ვისაც ეს არ სურს, უნდა აანაზღაურონ ამ უმაღლესი დონის განათლების ხარჯები,” - განაცხადა მიულერმა.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ტინო ზორგემ ასევე აღნიშნა, რომ უცხოელი სტუდენტები, რომლებიც განათლებას გერმანიაში იღებენ, თავიანთ ქვეყნებში სწავლის დასრულებისთანავე არ უნდა ბრუნდებოდნენ.
„ჩვენი მიზანი უნდა იყოს, შევინარჩუნოთ ასეთი მაღალკვალიფიციური კადრები. იმის მაგივრად, რომ ვუყუროთ, როგორ ტოვებენ ისინი ქვეყანას, ჩვენ უნდა მოვიზიდოთ ახალგაზრდა ექიმები გერმანიაში სამუშაოდ,“ - განაცხადა ზორგემ.
ოთხშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების თანადმად, გერმანიაში ოჯახის ექიმების დეფიციტი შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს, თუ უახლოეს მომავალში გარკვეული რეფორმები არ განხორციელდება. ბოლო კვლევის თანახმად, გერმანიაში ოჯახის ექიმების მეოთხედმა განაცხადა, რომ აპირებენ პროფესიის დატოვებას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.
გარდა ამისა, აღინიშნა, რომ ბევრი ოჯახის ექიმი გეგმავს, 2030 წლისთვის კვირაში საშუალოდ 2.5 საათით შეამციროს სამუშაო დრო.
ამჟამად გერმანიაში 5,000-ზე მეტი ოჯახის ექიმის ადგილი ვაკანტურია.