ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის ლიდერი ისევ „ჯიპიაია“. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის პირველი კვარტლის სტატისტიკის მიხედვით, ამ სემგენტში კომპანიების მიერ მოზიდული ჯამური პრემიიდან - 212 მლნ. ლარიდან ჯიპიაიზე 58,5 მილიონი, ანუ ბაზრის 28% მოდის. მეორეა იმედი ელი 22%-ით (46,4 მილიონი ლარი), მესამე კი არდი 11 %-ით (23,4 მილიონი). თიბისი დაზღვევაზე ბაზრის 10% მოდის, პეესპეზე კი - 7%.

სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე „ჯიპიაი“ ლიდერობას წლებია ინარჩუნებს. 2023 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებით, მას ბაზრის ასევე 24%-იანი წილი ეკავა. „არდი“ და „იმედი ელი“ კი მას 23 და 14%-იანი წილით მოსდევდნენ.


შეგახსენებთ, რომ გასულ წელს სადაზღვევო ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა: "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა" „არდი დაზღვევა“ შეიძინა, რის შემდეგაც, 2023 წლის მონაცემებიდან გამომდინარე, პირველი მათგანის წილი სამედიცინო დაზღვევის სექტორში საკმაოდ მაღალ ნიშნულს - 35,6%-ს აღწევს. აღნიშნული ცვლილება ბაზრის სტატისტიკურ მონაცემებში მომდევნო კვარტლიდან აისახება.