საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებისა და ექიმების ნაწილი ენერგეტიკული სასმელების რეალიზაციაზე რეგულაციების დაწესებას ითხოვს. ამის შესახებ მათ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუებში ისაუბრეს. მათი თქმით, არაერთ ქვეყანაში გარკვეულ ასაკს მიუღწეველ პირებზე ამ პროდუქციის რეალიზაცია აკრძალულია.
როგორც იაშვილის კლინიკის პედიატრმა ანა მაღრაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა, მას ორიოდე დღის წინაც ჰყავდა 13 წლის პაციენტი, რომელიც, როგორც მასთან გასაუბრების შემდეგ გაირკვა, ენერგეტიკულ სასმელებს თითქმის ყოველდღე იღებდა. შედეგად გამოუვლინდა სხვადასხვა დარღვევა, რომლებითაც დედამ იგი სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანა.
ეს ჩივილები იყო გაღიზიანება, თავბრუსხვევა, აგრესიულობა, შფოთვები, გულის აჩქარება, წნევა. ამიტომ ანა მაღრაძე მიიჩნევს, რომ ენერგეტიკული სასმელების მოხმარება განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში რეგულირებული უნდა იყოს.
„ეს დარეგულირებული უნდა იყოს ისევე, როგორც თამბაქო და ალკოჰოლია. არ შეიძლება, ენერგეტიკული სასმელი თავისუფლად იყიდებოდეს არასრულწლოვნებზე. ამას ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში, ვინაიდან შეიძლება იყოს გარკვეული თანდაყოლილი პათოლოგიები, რომელთა გამოვლენის პროვოცირება შესაძლოა, ენერგეტიკული სასმელების ჭარბმა მოხმარებამ გამოიწვიოს. თინეიჯერებში განსაკუთრებით რთულად გასაკონტროლებელია ეს პროცესი,“ - აღნიშნა პედიატრმა.
პირველი არხის სიუჟეტში აღნიშნულია, რომ ზუსტი სტატისტიკა, თუ როგორია საქართველოში მოზარდებს შორის ენერგეტიკული სასმელების მოხმარების მასშტაბები, არ არსებობს. მსოფლიოში კი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ენერგეტიკულ სასმელებს რეგულარულად 12-დან 17 წლამდე მოზარდების თითქმის მესამედი მოიხმარს.
საზოგადოებრივ მაუწყებელს მოჰყავს ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ სტატია, რომელშიც საუბარია ნორვეგიაში ჩატარებული კვლევის შედეგებზე - დასკვნაში წერია, რომ ადამიანებში, რომლებიც კვირაში ორ - სამ ქილა ენერგეტიკულ სასმელს სვამენ, თითქმის 60%-ით იზრდება 6 საათზე ნაკლები ძილის ალბათობა. ამას კი სხვა პრობლემები მოსდევს. გაცილებით რთული და ხშირია გართულებები ბავშვებში.
ექსპერტებისა და ექიმების ნაწილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია არასრულწლოვნებისთვის ე.წ. ენერგეტიკულების მიყიდვა რეგულირების ქვეშ მოექცეს. რეგულირება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა - ბავშვებზე პროდუქციის მიყიდვის აკრძალვა, რეკლამის დაუშვებლობა, შესაბამისი ეტიკეტირება და სხვა.
შეგახსენებთ, რომ არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული სტრატეგიის 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმის თანახმად, ქვეყანაში, ბავშვებზე მარილისა და შაქრის შემცველი ნებისმიერი პროდუქტის მარკეტინგის გავლენა უნდა შემცირდეს, რათა ბავშვებიცა და მოზრდილებიც მავნე საკვებისგან დაცული იყვნენ.
რა ფორმით უნდა მოხდეს ეს და როდიდან უნდა ველოდოთ რეგულაციის ამოქმედებას - დაავადებათა კონტროლის ცენტრში ჯერჯერობით არ საუბრობენ.