ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაია მახარაშვილის ინფორმაციით, სამედიცინო სექტორში განსაკუთრებით ექთნების დეფიციტია.
როგორც მაია მახარაშვილი გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნავს, სექტორისთვის საექთნო მიმართულებით ახალგაზრდა თაობის ინტერესის ნაკლებობა სერიოზულ გამოწვევად რჩება.
"რეგიონალურ კლინიკებში კადრების დეფიციტი გაცილებით მაღალია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დიდ ქალაქებში ნაკლები პრობლება გვაქვს, განსაკუთრებით ექთნის პოზიციაზე. ექიმები გარკვეული მიმართულებით გვყავს, თუმცა ექთნები ცალსახად დიდი პრობლემაა. რეალურად ექთნის პოზიცია ძალიან დეფიციტურია, ახალგაზრდა თაობა ნაკლებადაა დაინტერესებული, ამ მიმართულებით წავიდეს და ისწავლოს. ცხადია, ანაზღაურება ერთ-ერთი მთავარია, მაგრამ ადამიანს სამედიცინო სფეროში მუშაობა უნდა უნდოდეს. როგორც წესი, დამწყებ ექიმს არა მარტო ჩვენთან მთელს მსოფლიოში ძალიან დაბალი ხელფასი აქვს, მანამდე სანამ კომპეტენციას შეიძენს. თუ ადამიანს ექიმობა უნდა, ამ ყველაფრის მიუხედავად თავდაუზოგავად შრომობს, საექთნო საქმეც მსგავსია", - აცხადებს მაია მახარაშვილი.
ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რეგიონებში არსებულ პრობლემებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ გამოწვევად რჩება პირველადი ჯანდაცვის მიმართულებაც.
"რაიონებში რაღაც მიმართულებით ექიმების დეფიციტიც გვაქვს. მაგალითად, პირველადი ჯანდაცვა ყველას გვესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია სამედიცინო მომსახურების, რომელიც პრევენციას ემსახურება. ამ მიმართულებითაც ექიმებისა და ექთნების დეფიციტი გვაქვს. მინიმალური საათობრივი ანაზღაურება, სრულდება - ჯანდაცვა ძალიან რეგულირებადი დარგია, არ შესრულების შემთხვევაში საკმაოდ დიდი ჯარიმები და შესაბამისი სანქციებია. რაიონულ კლინიკებში შესაძლოა, ამ ყველაფერმა ეფექტი საგრძნობლად გამოიწვია, რადგან ხელფასები გაცილებით დაბალი იყო, მაგრამ თბილისის კლინიკებში იქიდან გამომდინარე, რომ პროფესიონალიზმზე კონკურენცია მაღალია, მათ დაწესებულ რეგულაციაზე მაღალი ხელფასები ჰქონდათ", - აცხადებს ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
bp.ge





