ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ის პაციენტები მოინახულა, რომლებიც დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობენ და სამედიცინო სერვისს, ზუგდიდში, რუხის კლინიკაში იღებენ. მინისტრი მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო და 8 მარტი მიულოცა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, რეგიონში მცხოვრებ და ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეებს სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას უწევს. მისივე თმით, სახელმწიფო განაგრძობს აღნიშნული, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დაწესებულების განვითარებას, რათა პაციენტებმა, სახლთან მაქსიმალურად ახლოს, შეძლონ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიღება.

აღსანიშნავია, რომ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სამედიცინო პროცესებისა და პაციენტთა უსაფრთხოების გერმანულ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის, მინიჭებული აქვს KTQ საერთაშორისო აკრედიტაცია და ხარისხის მართვის სერტიფიკატი.