კომპანია „ბიომედიკას“ ორგანიზებითა და მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს მხარდაჭერით, ნეირობლასტომით დაავადებულ  ბავშვთა იმუნოთერაპიით  მკურნალობასთან დაკავშირებით, თბილისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, გრეიფსვალდის უნივერსიტეტის მედიცინის ზოგადი პედიატრიის, პედიატრიული ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის თავმჯდომარემ, გერმანელმა პროფესორმა ჰოლგერ ლოდიმ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს ნეირობლასტომის  იმუნოთერაპიით მკურნალობის განახლებული მიდგომები გააცნო. ღონისძიებას ქართველ წამყვან სპეციალისტებთან ერთად, ყაზახი და სომეხი ექიმებიც ესწრებოდნენ.


ნეირობლასტომა კიბოს იშვიათი, თუმცა აგრესიული ფორმაა, რომელიც ნერვული ღეროვანი უჯრედებიდან (ნეირობლასტებიდან) ვითარდება და ძირითადად ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ონკოლოგიური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს როგორც სპონტანური რემისიები, ისე - რთულად სამართავი და მკურნალობისადმი რეზისტენტული ფორმები. ამ დრომდე, მკურნალობისთვის ტრადიციულ მეთოდებს - ქიმიოთერაპიას, ქირურგიულ ჩარევას, რადიაციულ თერაპიასა და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციას იყენებდნენ, თუმცა, გადარჩენის მაჩვენებლები 30-40%-ია.


იმუნოთერაპია მკურნალობის განახლებული მიდგომაა, რომელიც, სპეციალისტების თქმით, მკვეთრად ზრდის გადარჩენის მაჩვენებელს და ხანგრძლივი პროგნოზიც გაუმჯობესებულია. სწორედ იმუნოთერაპიაზე ისაუბრა პროფესორმა ლოდიმაც. მან ღონისძიების მონაწილეებს ნეირობლასტომის მკურნალობის ახალი მეთოდი დეტალურად გააცნო და მათ კითხვებსაც უპასუხა.


„ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, მთავარი განსხვავება ისაა, რომ გვაქვს ანტისხეული, რომელიც იმუნური სისტემის ნაწილია და შეუძლია სიმსივნის ამოცნობა. ამ შემთხვევაში, ის აღიქვამს ნეირობლასტომას. კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვებს, რომლებიც ამ მეთოდით მკურნალობენ, ბევრად უკეთესი მაჩვენებელი აქვთ. ვფიქრობ, საქართველოც მზადაა ამ ტიპის მკურნალობის დასაწყებად, ქართველი ექიმები პროფესიონალები არიან და თერაპიის დანერგვა აქ სირთულეს საერთოდ არ წარმოადგენს,“ - აცხადებს პროფესორი ჰოლგერ ლოდი 
მისივე თქმით, საქართველოში არსებობს ტექნიკური და ადამიანური რესურსი, აღნიშნული მკურნალობის დასანერგად და უცხოელი კოლეგები მზად არიან, მკურნალობის პროცესში, ქართველ ექიმებს დისტანციური კონსულტაციაც გაუწიონ.