ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ 19-ის ახალი შტამი NB.1.8.1 განსაზღვრა, როგორც „დაკვირვების ქვეშ მყოფი ვარიანტი.“ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ შტამით დაინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა შეშფოთებას იწვევს.
ამის შესახებ გამოცემა express.co.uk წერს და აღნიშნავს, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა ბოლო პერიოდში ასევე დაფიქსირდა კამბოჯაში, ჩინეთში, ჰონგ-კონგსა და სინგაპურში.
NB.1.8.1 მნიშვნელოვანი რაოდენობით ფიქსირდება აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, სადაც შედის პოპულარული ტურისტული ქვეყანა ეგვიპტე, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მათ შორის ტაილანდსა და მალდივებზე.
2025 წლის აპრილის ბოლოს NB.1.8.1-მა ყველა შემთხვევის 10,7% შეადგინა, ოთხი კვირით ადრე კი ეს მაჩვენებელი 2,5% იყო. ეს უკვე დომინირებული ვარიანტია ჰონგ-კონგსა და ჩინეთში. ეს შტამი იდენტიფიცირებულია ასევე ავსტრალიაში, აშშ-ში და ვარაუდობენ, რომ ის, შესაძლოა, გაერთიანებულ სამეფოშიც ცირკულირებდეს.
ვირუსოლოგიისა და ინფექციური დაავადებების ასოცირებული პროფესორი და კვლევითი ხელმძღვანელი გრიფიტის უნივერსიტეტიდან ლარა ჰერერო აცხადებს, რომ მრავალი მუტაციის წყალობით ახალ შტამს შესაძლოა უჯრედების ინფიცირება უფრო ეფექტურად შეეძლოს, ვიდრე წინა ვარიანტებს. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ამ ეტაპზე არ აქვს მტკიცებულება, რომ NB.1.8.1 სხვა ვარიანტებთან შედარებით უფრო მძიმე სიმპტომებს იწვევს. არსებული მონაცემებით, მისი სიმპტომები ომიკრონის ქვეშტამის მსგავსი უნდა იყოს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, „SARS-CoV-2 ვირუსი განაგრძობს ევოლუციას და 2025 წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში გლობალური ვარიანტების დინამიკაში ცვლილებები დაფიქსირდა.
წლის დასაწყისში WHO-ს მიერ გლობალურ დონეზე ყველაზე ხშირად გამოვლენილი ვარიანტი იყო XEC, რომელსაც მოსდევდა KP.3.1.1.
თებერვალში XEC-ის ცირკულაცია შემცირდა, LP.8.1-ის გავრცელება კი გაიზარდა, და მარტის შუა რიცხვებისთვის ის გახდა ყველაზე ხშირად გამოვლენილი ვარიანტი.
აპრილის შუიდან LP.8.1-ის გავრცელება ოდნავ შემცირდა, ხოლო NB.1.8.1-ის გავრცელება იზრდება.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, იყვნენ ყურადღებით, ადაპტირდნენ ეპიდემიოლოგიურ ცვლილებებთან და გამოიყენონ COVID-19-ის მართვის სტრატეგიები იმისათვის, რათა გააძლიერონ სისტემები ყველა რესპირატორული დაავადების რისკის მიმართ. წევრ სახელმწიფოთა მოვალეობაა, გააგრძელონ COVID-19-ის ვაქცინების შეთავაზება ჯანმოს რეკომენდაციების შესაბამისად.
ამასთან, ამჟამინდელი რისკების შეფასების საფუძველზე, ჯანმო არ ურჩევს ქვეყნებს მოგზაურობის ან ვაჭრობის შეზღუდვების დაწესებას.