შემოვიდა სამართლიანი თამაშის წესები - ასეთ შეფასებას აკეთებს ექსპერტების ნაწილი კონკურენციის სააგენტოს იმ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის ყველაზე რეზონანსული კვლევა ორი წლის წინ დაიწყო, რის შემდეგაც 4 კომპანია 53 მილიონი ლარით დაჯარიმდა.

9-თვიანი მოკვლევის შედეგად სააგენტომ დაადგინა, რომ 2021-2023 წლებში კომპანიები - „ავერსი“, „გეფა“, „პსპ“ და „მერმისი“ სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასებს შეთანხმებულად ადგენდნენ  და მათ ფიქსაციას ახდენდნენ. ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების მონიტორინგი იყო ის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მსოფლიო ბანკის ჯილდო მიიღო. სააგენტოს ჯილდო, ედინბურგში, კონკურენციის საერთაშორისო ქსელის კონფერენციის ფარგლებში გადაეცა. ეს ქსელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 160 ქვეყანას აერთიანებს.

ეკონომისტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ ფარმაცევტული კომპანიების დაჯარიმებამ ქვეყანაში ისეთი პრეცედენტი  შექმნა, როცა ამ ბიზნესში მოქმედი კომპანიები მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით თვითნებურ გადაწყვეტილებას აღარ მიიღებენ. ეს ყველაფერი კი მედიკამენტებზე დაბალი ფასების და მომხმარებლების ინტერესების დაცვის წინაპირობა უნდა გახდეს.

„არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ფარმაცევტული სექტორი საკმაოდ სენსიტიურია. ისიც პრობიზნესურია და თუ იქნება საშუალება, ბიზნესი შეეცდება ნებისმიერი მოგების ნებისმიერი ფორმით მიღებას. ამის რეგულატორი კი ჩვენი კანონმდებლობა და კონკრეტულად, კონკურენციის სააგენტოა. ამიტომ მონიტორინგი აუცილებელია, რათა ამ მიმართულებით სამართლიანობა შენარჩუნდეს,“ - განაცხადა ბაირახტარმა.