მიმდინარე წლის სექტემბრისთვის კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტულ სექტორში მორიგი მოკვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს.
საუბარია მოკვლევაზე, რომელმაც უნდა დაადგინოს, არის თუ არა 8 კომპანია ბაზარზე დომინანტი და მათ 14 მედიკამენტზე ხომ არაა დაწესებული ჭარბი ფასი.
კერძოდ, მოკვლევა მიმდინარეობს 8 კომპანიის მიმართ. ესენია: 1. შპს „გლობალ ცბს“ 2. შპს „კონცეპტ ფარმა” 3. შპს „ნუვეა ფარმაცევტიკალს” 4. შპს „ბარდი“ 5. შპს „რიჩ გრუპი“. 6. შპს „კროკუს ფარმა“7. შპს „გეა“ 8. შპს „BIH“.
მოკვლევა ეხება 14 მედიკანენტს: ოფლაბ-ოზი, იორილი 10, ჰაიზინი, ფლოქსაზოლი, ადაზალ ნეო (200 მგ, 400 მგ), არიპრადა, ზინასენი, ლორნიკუსი, ერითრომიცინი, ლუტეინა, ბისეპტოლი (120 მგ, 480 მგ.), ტრეპარინი.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, სექტემბრამდე გაირკვევა, იხდიან თუ არა მოქალაქეები ამ წამლებში ჭარბ ფასს.
„გვაქვს მიმდინარე მოკვლევა, რომელიც მოიცავს 8 კომპანიას და 14 მედიკამენტის შემთხვევას. ჩვენი მოკვლევის მიზანია, გარკვეულ იქნას, არიან თუ არა დომინანტები აღნიშნული კომპანიები აღნიშნულ ბაზარზე და მაღალი ფასნამატები, რომელიც არის 200% და მეტი, არის თუ არა ობიექტური და კონკურენტული გარემოს ფასწარმოქმნის შედეგად მიღებული. ანუ ჩვენი მოკვლევის მიზანია გავარკვიოთ, არის თუ არა ჭარბი ფასი დაწესებული ჩვენი მოქალაქეებისთვის,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის ყველაზე რეზონანსული კვლევა ორი წლის წინ დაიწყო, რის შემდეგაც 4 კომპანია 53 მილიონი ლარით დაჯარიმდა.
9-თვიანი მოკვლევის შედეგად სააგენტომ დაადგინა, რომ 2021-2023 წლებში კომპანიები - „ავერსი“, „გეფა“, „პსპ“ და „მერმისი“ სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასებს შეთანხმებულად ადგენდნენ და მათ ფიქსაციას ახდენდნენ. ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების მონიტორინგი იყო ის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მსოფლიო ბანკის ჯილდო მიიღო. სააგენტოს ჯილდო, ედინბურგში, კონკურენციის საერთაშორისო ქსელის კონფერენციის ფარგლებში გადაეცა. ეს ქსელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 160 ქვეყანას აერთიანებს.