ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ ისრაელსა და ირანს შორის ესკალაცია სერიოზულ საფრთხეს შეიცავს სამოქალაქო მოსახლეობისთვის და შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის გრძელვადიანი რისკები შექმნას. 


„ისრაელსა და ირანს შორის ესკალაცია უკიდურეს შეშფოთებას იწვევს - ეს უკვე იწირავს მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეს, მათ შორის ბავშვებისას,“ - აღნიშნავს ჯანმოს ხელმძღვანელი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


მისივე თქმით, ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს შესაძლოა ჰქონდეს მყისიერი და გრძელვადიანი შედეგები გარემოსთვის და ადამიანების ჯანმრთელობისთვის როგორც ირანში, ისე მთელს რეგიონში. 


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ მანამდე განაცხადა, რომ ნათანზის მიწისზედა ბირთვული ობიექტი, რომელშიც ურანის გამდიდრება ხდებოდა, მთლიანად განადგურებულია.
მისივე თქმით, ობიექტის გარეთ ქიმიური დაბინძურება ჯერჯერობით ნორმაშია, თუმცა არავინ იცის, რა ხდება შიგნით. 


 გროსის განცხადებით, ყველაზე მეტ საფრთხეს წარმოადგენს ურანის ჰექსაფტორიდი - ტოქსიკური გაზი, რომელიც ურანის გამდიდრებისთვის გამოიყენება. მისი შესუნთქვა იწვევს სერიოზულ დამწვრობებს, კანისა და შინაგანი ორგანოების დაზიანებას. 


„ევრონიუსი“ კი წერს, რომ მართალია, ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის დარტყმებით გამოწვეული ჯანმრთელობის რისკები ამჟამად დაბალია, თუმცა ეს ვითარება, შეიძლება, სწრაფად შეიცვალოს.

„თავდასხმებმა გააჩინა ბირთვული დაბინძურების შიში, რამაც შეიძლება ჯანმრთელობის რისკები გაზარდოს.
ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამწვავების პარალელურად, ირანის ბირთვულ ობიექტებზე საჰაერო დარტყმებმა შესაძლოა სერიოზული შედეგები მოიტანოს ჯანმრთელობისთვის მთელ რეგიონში.

მონიტორინგის ჯგუფებს ჯერ არ დაუფიქსირებიათ მსგავსი ზემოქმედება. ორშაბათს, გაეროს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA), გაეროს ბირთვული სააგენტოს ზედამხედველმა ორგანომ, განაცხადა, რომ მან არ დაადგინა რადიაციის გაჟონვა ისრაელის მიერ პარასკევს დაწყებული დარტყმების შედეგად,“ - წერს ევრონიუსი, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ  ეს შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, რადგან თავდასხმები გაგრძელდება.


ლესტერის უნივერსიტეტის სამოქალაქო უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელმა საიმონ ბენეტმა Euronews Health-ს განუცხადა, რომ შესაძლო რისკები არსებობს, რადგან მოქმედ ბირთვულ რეაქტორზე წარმატებული თავდასხმა ყველაზე დამანგრეველი იქნება ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რამდენადაც გავრცელდება რადიოაქტიური მასალები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანებს ასობით კილომეტრის დაშორებით.