მობილური აპლიკაციები ჯანმრთელობაზე ზრუნვის განუყოფელ ნაწილად იქცა. ერთ-ერთი მიმართულება, სადაც ციფრული ინსტრუმენტები აქტიურად გამოიყენება,  ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვაა. მათ გამოყენებას ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრიც გვირჩევს.

ცენტრში აცხადებენ, რომ მზის სხივებს აქვს როგორც სარგებელი, ისე საფრთხეებსაც შეიცავს.

სარგებელს შორისაა:

D ვიტამინის სინთეზი - მზის სხივები ეხმარება თქვენს ორგანიზმს D ვიტამინის გამომუშავებაში, რომელიც მნიშვნელოვანია ძვლების ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტისთვის და განწყობის რეგულირებისთვის;

განწყობის გაუმჯობესება - მზის სხივები ზრდიან სეროტონინის დონეს, რაც ხელს უწყობს განწყობის გაუმჯობესებასა და შფოთვის ან დეპრესიის შემცირებას;

ძილის რეგულირება - დილით მზის სხივები ხელს უწყობენ ცირკადული რიტმის რეგულირებას ღამით მელატონინის გამომუშავების გაძლიერებით.

მზის ზემოქმედების უარყოფითი მხარეები:

მზის დამწვრობა;

კანის ალერგიული დაავადებების გამწვავება;

კანის დაბერება (ნაოჭები, ლაქები);

დნმ-ის დაზიანება → კანის კიბო (განსაკუთრებით მელანომა, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა);

თვალის დაზიანება (ულტრაიისფერ სხივებს შეუძლიათ  ბადურის დაზაიანება და  კატარაქტის გამოწვევა).

რაც შეეხება უსაფრთხოების წესებს, ცენტრის განცხადებით, უსაფრთხო მზის აბაზანების მიღების საუკეთესო დრო დილის 10-12 საათამდე და საღამოს 4-5 საათის შემდეგაა, როდესაც ულტრაიისფერი გამოსხივება  ნაკლებად ინტენსიურია.

„გახსოვდეთ, რომ  10–30 წუთიანი მზის ზემოქმედება (კანის ტიპის მიხედვით) ჩვეულებრივ საკმარისია D ვიტამინისთვის,“ - აცხადებენ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში.

ცენტრი ასევე გვირჩევს ულტრაიისფერი ინდექსის აპლიკაციის გამოყენებას, რაც  ადვილად გამოსაყენებელი მექანიზმია, რომელიც აჩვენებს ულტრაიისფერი ინდექსის მაქსიმალურ და მიმდინარე მნიშვნელობებს. 
აპლიკაციები, როგორც წესი, თავად გვირჩევენ, ულტრაიისფერი ინდექსის რომელ დონეზე რა ზომებს უნდა მივმართოთ, თუმზა ზოგადი რეკომენდაციები ასეთია:

მოერიდეთ პირდაპირ მზეს, როდესაც ულტრაიისფერი ინდექსი 6 ან მეტია.

იცოდეთ თქვენი კანის ტიპი, ამ შკალის მიხედვით კანის 6 ტიპი არსებობს, რომლის გათვალისწინებით მზეზე ექსპოზიციის დრო 5-10 წუთიდან 30 წუთამდე შეადგენს.

მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება

SPF 30+ იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის;

SPF 50+  ხანგრძლივად ღია ცის ქვეშ ყოფნისას.

დაიტანეთ კანზე მზეზე გასვლამდე 20-30 წუთით ადრე და გაიმეორეთ ყოველ 2 საათში ან ცურვის/ოფლიანობის შემდეგ.

გამოიყენეთ ფართო სპექტრის (UVA + UVB) მზისგან დამცავი კრემები.

არ დაგავიწყდეთ ყურების, კისრის, ტუჩების, ტერფების ზედა ნაწილის და თავის კანის (თუ თმა თხელია) მოვლა.

მზისგან დამცავი მინერალური კრემები (თუთიის ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი) კარგია მგრძნობიარე კანისა და ბავშვებისათვის.

დამცავი ტანსაცმელი და აქსესუარები:

ქუდი;

ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი სათვალე;

გრძელმკლავიანი ულტრაიისფერი ფილტრის ტანსაცმელი. 

მზის ინტენსიური სხივების დროს ჩრდილში იყავით 

შეინარჩუნეთ ჰიდრატაცია - მზის სხივები და სიცხე ზრდის სითხის დაკარგვას. 


კანის დასამშვიდებლად მზეზე გასვლის შემდეგ გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალებები.
მზის აბაზანების მიღების დღეებში მოერიდეთ მკვეთრ ამქერცლავ კრემებს ან რეტინოიდებს.

მზის აბაზანების მიღების დროს მოერიდეთ:


სუნამოების ან ციტრუსის ზეთების გამოყენებას  (შეიძლება გამოიწვიოს ფიტოფოტოდერმატიტი) ;
ფოტოსენსიბილიზატორი მედიკამენტების მიღებას (როგორიცაა დოქსიციკლინი, იზოტრეტინოინი, გარკვეული ანტიდეპრესანტები - მიმართეთ ექიმს);


რუჯის მისაღები ზეთების გამოყენებას (ზრდიან დამწვრობისა და კანის დაზიანების რისკს).

UV ინდექსი — მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსივობის საზომი სკალაა, რომელიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რამდენად საშიშია მზეზე ყოფნა კონკრეტულ დროს. იგი გვაფრთხილებს კანის დამწვრობისა და სხვა დაზიანებების რისკის შესახებ.

ქალაქის პირობებში, ღრუბლების გარეშე, ინდექსი საშუალოდ შეიძლება იყოს 9–11.


ზოგიერთი გარემოში (მაგ. ეკვატორთან, მაღალმთიან ზონაში, თოვლის ან წყლის ძლიერი არეკვლის პირობებში) შეიძლება 13–15 დონესაც მიაღწიოს.

UV ინდექსის უფასო აპლიკაცია რამდენიმეა, მათ შორის - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შექმნილი - SunSmart Global UV App.  ის გაჩვენებთ, თქვენს ლოკაციაზე როგორია აღნიშნული ინდექსი და მისი პროგნოზი დღის განმავლობაში, და იქვე გთავაზობთ საფრთხისგან დაცვის მეთოდებს. 


აპლიკაციებია ასევე: SunWise UV Index (iOS-სთვის), UVCheck (iOS), UVI Mate, UVLens საათობრივი პროგნოზით.
ასევე არსებობს ფასიანი აპლიკაციებიც.