გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე დათესილი კულტურების ინსპექტირება
განახორციელეს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის სპეციალისტების მიერ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო ნათესებიდან შერჩევითი წესით აღებულია კარტოფილის, სიმინდის, ხორბლის, ქერის, იონჯას, საზამთროსა და პომიდვრის 30 ნიმუში.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ არც ერთი სახეობა არ შეიცავს გმო მარკერს, რაც ადასტურებს, რომ ისინი ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს არ წარმოადგენს.
საქართველოში ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში კულტივირება აკრძალულია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ქვეყნის მასშტაბით მცენარეების სხვადასხვა სახეობას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობაზე 2015 წლიდან დღემდე სისტემატურად ამოწმებს. დღემდე დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ სულ შემოწმებულია 4923,93 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და აღებულია 332 ნიმუში. მათგან გმო მარკერები დადგინდა მხოლოდ იონჯას კულტურაში (2 შემთხვევა). ორივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ცნობისთვის: გმო მარკერები (გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების მარკერები) სასოფლო-სამეურნეო კულტურებში არის გენეტიკური "ნიშნები", რომლებიც მცენარის გენომს გენური მოდიფიკაციის პროცესში ემატება.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მარეგულირებელი (FDA, WHO) აცხადებს, რომ დღემდე დამტკიცებული გმო პროდუქტი უსაფრთხოა მოხმარებისთვის, მაინც არსებობს შესაძლო საფრთხეები, რომლებმაც დროთა განმავლობაში შეიძლება იჩინოს თავი. ესენია ზოგიერთ ადამიანში ალერგიული რეაქციები, ტოქსიკურობა და სხვა.