საერთაშორისო ბაზრების კვლევითი ორგანიზაციის ResearchAndMarkets.com-ის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს, მამაკაცების ჯანმრთელობისა და ველნეს გლობალური ბაზარი 1.42 ტრილიონ აშშ დოლარად შეფასდა და სავარაუდოდ, 2030 წლისთვის 2.88 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მამაკაცის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გლობალური ბაზარი ფრაგმენტირებულია და მასზე უამრავი მოთამაშეა. თავიანთი პოზიციის გასამყარებლად, წამყვანი კონკურენტები იყენებენ ზრდის სხვადასხვა მეთოდს, როგორიცაა შერწყმა, შესყიდვები, თანამშრომლობა და შეთანხმებები.
მამაკაცის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მოიცავს მამაკაცის ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის ფართო და ჰოლისტურ მიდგომას. მამაკაცები უპირატესობას ანიჭებენ კეთილდღეობას მრავალ ასპექტში, ფიტნეს-დარბაზებში ხშირი სიარულით დაწყებული, ჯანმრთელობის ინტეგრაციული პრაქტიკითა და თავის მოვლის პრიორიტეტულობით დამთავრებული. მამაკაცებმა ველნეს-ინდუსტრიის განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულეს.
მათ პანდემიის შემდეგ ჯანმრთელობის მნიშვნელობა უკეთ გააცნობიერეს. მოსალოდნელია, რომ მამაკაცის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გლობალური ბაზარი მომავალში გაიზრდება პერსონალიზებულ კვებასა და დანამატებზე, ჯანმრთელობის მონიტორინგის ტექნოლოგიებზე, ტელემედიცინისა და ჯანდაცვის ციფრულ სერვისებზე მზარდი მოთხოვნის გამო. შესაბამისად, სოციალური მედია და ონლაინ საზოგადოებები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მამაკაცის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაში.
ინფლუენსერები და ცნობილი ადამიანები ასევე იყენებენ თავიანთ პლატფორმებს მამაკაცის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშესაწყობად.
მამაკაცის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გლობალური ბაზარი რამდენიმე საწილისგან შედგება: სილამაზე და თავის მოვლა, ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი საკვები, ველნეს ტურიზმი და სხვა.
მოდის ახალმა ტენდენციებმა და სოციალური მედიის გავლენამ გარკვეული გენდერული სტერეოტიპები დაარღვია და მამაკაცებში სილამაზისა და პირადი მოვლის სეგმენტის ზრდა გამოიწვია. ახალგაზრდები სულ უფრო მეტად ზრუნავენ საკუთარ ფიზიკურ გარეგნობაზე. ახალგაზრდა მამაკაცებს სურთ, ყოველთვის მოწესრიგებულად გამოიყურებოდნენ, რაც მათ სილამაზის, პირადი მოვლის, კვების და წონის დაკლების პროდუქტებისა და მომსახურების არჩევისკენ უბიძგებს.
ანგარიშის თანახმად, მამაკაცთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გლობალური ბაზარი დისტრიბუციის ორ არხად იყოფა: ონლაინ და ოფლაინ.
ონლაინ სეგმენტმა ბაზარზე წილის უმეტესი ნაწილი 2024 წელს მოიპოვა და მოსალოდნელია, რომ ის ყველაზე სწრაფად გაიზრდება, რადგან მამაკაცებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც დატვირთული გრაფიკი აქვს ან ჯანდაცვის დაწესებულებებში ვიზიტი არ სურს, უფრო მოსახერხებელია ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციაზე, პროდუქტებსა და მომსახურებებზე ონლაინ წვდომა.
თუმცა ამ ბაზარს აქვს გამოწვევები:
პროდუქტებისა და მომსახურების სიძვირე;საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებული სტიგმა და კონკურენცია უნისექს პროდუქტებთან.
ტრენდები კი შემდეგია:
თერმულ და მინერალურ წყაროებსა და სპა-ცენტრებზე მზარდი მოთხოვნა;ციფრული მოწყობილობების ინტეგრაცია ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ინდუსტრიაში;
კვების პერსონალიზებული გეგმები;
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ყურადღების კონცენტრირების შესახებ ცნობიერების ამაღლება;
ინფლუენსერ მარკეტინგი;
ადაპტოგენები და მცენარეული დანამატები;
სექსუალური კეთილდღეობა.
მამაკაცის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გლობალური ბაზრის ძირითადი მოთამაშეები არიან:
Koninklijke Philips N.V.
L'Oreal S.A.
The Procter & Gamble Company
Unilever PLC
Herbalife Ltd
Nestle S.A. (The Bountiful Company)
Abbott Laboratories
Hims & Hers Health, Inc.
Equinox Group
Amway Corp
David Lloyd Leisure Limited
Anytime Fitness Franchisor, LLC
Vitabiotics