საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო.
სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში, ბაზრის შეფასება მოხდება კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრული ზოგადი პარამეტრებით, როგორიცაა: ბაზრის მოცულობა, მოქმედი კომპანიები, კონცენტრაციის ინდექსი, საბაზრო წილები/დინამიკა. ამასთან, ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით, შეფასდება კონკურენტული გარემო სხვა დამატებითი ფაქტორების გათვალისწინებითაც.
სააგენტო თავის განცხადებაში მიუთითებს საქსტატის მონაცემს, რომლის მიხედვითაც 2025 წლის ივლისში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საავადმყოფოების მომსახურების ფასები 26%-ით გაიზარდა.
კონკრეტულად, რა კომპონენტებში გაძვირდა ჰოსპიტლების მომსახურება? აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შეიცავს სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსები, რომელთა თანახმადაც, ივლისში საავადმყოფოს მომსახურება 26%-ით გაძვირდა. კონკრეტულად, აღნიშნულ მომსახურებაში, რომლის ტარიფებსაც კლინიკები თავად აწვდიან საქსტატს, შედის საწოლდღის მომსახურება (მედპერსონალის ხელფასები, მედიკამენტები, სახარჯი მასალები, კვება). ამასთან, ქირურგიული მომსახურების ტარიფები არ შეცვლილა.
ასევე პრაქტიკულად არ შეცვლილა სამშობიარო მომსახურების ღირებულება.
შესაბამისად, საქსტატის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, საავადმყოფოების მომსახურების გასაშუალოებელი მაჩვენებელი, რომელიც ქირურგიას, საწოლდღის ტარიფსა და მშობიარობას აერთიანებს, 9,2%-ითაა გაძვირებული გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით.
შეგახსენებთ, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსის თანახმად ჯანდაცვის ჯგუფის ფასები აგვისტოში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 9,3%-თაა გაზრდილი. აქედან ამბულატორიული მომსახურება 11%-მდეა გაძვირებული, ხოლო სამედიცინო აპარატურის, პროდუქციისა და აპარატურის ჯგუფში 8%-იანი გაძვირება დაფიქსირდა.