კონკურენციის სააგენტოს მის მიერ დაწყებულ ახალ მონიტორინგთან დაკავშირებით ჯანდაცვის ასოციაციასთან კომუნიკაცია ჯერჯერობით არ ჰქონია. უწყების არგუმენტებს ასოციაციაში, რომელიც 150-მდე სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს, ახლო პერიოდში ელოდებიან.
რაც შეეხება საავადმყოფოების ფასების ზრდას, რომლის შესწავლაც სააგენტომ დაიწყო, ასოციაციაში რამდენიმე სავარაუდო მიზეზს ასახელებენ, რასაც, შესაძლოა, ჰოსპიტლების მომსახურების ტარიფების საშუალო მაჩვენებლის ზრდა გამოეწვია.
როგორც jandacva.ge-სთან საუბარში ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაია მახარაშვილმა განაცხადა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებში ფასებს DRG-ს პრინციპი განსაზღვრავს და გამორიცხულია, ამ ნაწილში ჰოსპიტლებმა ფასები შეცვალონ. მისი თქმით, საშუალო მაჩვენებლის ზრდა, სავარაუდოდ, იმ ნაწილში მოხდა, რომელზეც სახელმწიფო პროგრამა არ ვრცელდება. ამასთან, ერთ-ერთი ფაქტორი, მისი ვარაუდით, არის ექიმებისა და ექთნების ხელფასების ზრდა, რაც, ინფლაციის პირობებში, ბუნებრივი ტენდენციაა, განსაკუთრებით - დეფიციტური საექიმო პროფესიების მიმართულებით. გარკვეული როლი შეასრულა მედპერსონალისთვის მინიმალური ანაზღაურების დაწესებამაც, რომელზე ნაკლები ხელფასის გადახდის უფლებაც კლინიკებს არ აქვთ.
გარდა ამისა, როგორც მახარაშვილი განმარტავს, ქვეყანაში არსებული ინფლაცია აისახება სახარჯი მასალებისა და მედიკამენტების ფასებზეც. მისივე თქმით, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სადაზღვევო კომპანიებს ზოგიერთ კლინიკასთან გრძელვადიანი კონტრაქტები აქვთ და განახლებული ფასები ახალ კონტრაქტებში აისახება, რომლებშიც, მაგალითად 3 წლის წინ არსებული ტარიფები, ბუნებრივია, რომ გაზრდილი იქნება.
მაია მახარაშვილს კიდევ ერთ ფაქტორს ასახელებს. „ქვეყანაში ძალიან გახშირდა ისეთი ქირურგიული ჩარევები, რომლებსაც საყოველთაო ჯანდაცვა არ ფარავს. ესაა ბარიატრია, პლასტიკური ქირურგია და რეპროდუქცია. თანაც, ეს ის სფეროებია, სადაც ბევრი უცხოელი სამედიცინო ტურისტი გვყავს და ჰოსპიტლების გასაშუალოებულ ფასებზე, სავარაუდოდ, ამანაც იქონია გავლენა,“ - განმარტა მახარაშვილმა.
ცნობისთვის: დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო.
მონიტორინგის ფარგლებში, ბაზრის შეფასება მოხდება კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრული ზოგადი პარამეტრებით, როგორიცაა: ბაზრის მოცულობა, მოქმედი კომპანიები, კონცენტრაციის ინდექსი, საბაზრო წილები/დინამიკა და შესაბამისად დომინანტურ მდგომარეობაზე მსჯელობა მისი დადასტურების ან გამორიცხვის მიმართულებით. ასევე, ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით, შეფასდება კონკურენტული გარემო სხვა დამატებითი ფაქტორების გათვალისწინებითაც.
სააგენტო ეყრდნობა საქსტატის მონაცემებს, რომელთა თანახმად, 2025 წლის ივლისში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საავადმყოფოების მომსახურების ფასები 26%-ით გაიზარდა.
უწყების ცნობით, ბაზრის მონიტორინგი ჯანდაცვის სამინისტროსთან აქტიური კოორდინაციის ფორმატში განხორციელდება.