ქვეყანაში წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების 200 ათასი დოზა შემოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით საქართველოს პირველი არხი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კოვიდის გავრცელების მაჩვენებელი მაღალია, სასკოლო და სააღმზრდელო წლის დაწყებასთან ერთად კი ეპიდემიოლოგიური რისკები იმატებს. მათი თქმით, ამ რისკებს ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობაც ზრდის.

ამიტომ, ექიმები მშობლებს განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუწოდებენ. ამ ეტაპზე, ქვეყანაში გავრცელებულ რესპირაციულ ვირუსებს შორის კორონა ვირუსის შემთხვევები ყველაზე ხშირია - ასეთია იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის შეფასება, რომელიც დაავადებათა კონტროლის ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა. როგორც ივანე ჩხაიძემ „მოამბესთან“ განმარტა, ეს არის „ომიკრონის“ ქვევარიანტი, რომელსაც მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს და ძირითადად, რესპირაციული სისტემის მსუბუქ დაზიანებას იწვევს.


მისი ინფორმაციით, ახლა ვირუსების საერთო რაოდენობაში 70 %-ზე მეტი კორონა ვირუსია, თუმცა არც პირველადი რგოლის დაწესებულებებსა და არც სტაციონარებში პაციენტების გადატვირთულობა არ შეიმჩნევა. 


ინფექციონისტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ცივი ამინდების ფონზე რესპირაციული ვირუსული ინფექციების მატება  ახლო პერიოდში მოსალოდნელია. ექიმები მოუწოდებენ მოსახლეობას, განსაკუთრებით მშობლებს,  სიმპტომების შემთხვევაში ბავშვები საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს მოარიდონ და სახლში დატოვონ.

ჰიგიენის ნორმები დაცვა, ხალხმრავალ ადგილებში პირბადის ტარება - ეს მედიკოსების ყველაზე ეფექტიან რეკომენდაციად რჩება. პრევენციის ასევე საუკეთესო საშუალებად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ვაქცინაციას ასახელებენ. იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ გრიპის ვაქცინა საქართველოში სექტემბერ-ოქტომბერში შემოვა. ვაქცინაცია ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე რისკ-ჯგუფში შემავალი პირები აიცრებიან. ესენი არიან: ორსულები, ქრონიკული დაავადების, ასევე  დიალიზზე მყოფი პირები.