სამედიცინო სახარჯი მასალების იმპორტიორი კომპანიის Medhub-ის გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით, 10%-ით გაიზარდა.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის ხელმძღვანელი, ოთარ კლდიაშვილი აღნიშნავს, რეალიზაციის ზრდა ქვეყანაში სტაბილურ ბიზნესგარემოსა და ახალი ბიზნესს ობიექტების გახსნის ტენდენციას უკავშირდება.
"ქვეყანაში აქტიურად იხსნება სამედიცინო დაწესებულებები, სააფთიაქო ქსელები, რესტორნები და სასტუმროები. ობიექტების მატება პირდაპირ აისახა ჩვენი გაყიდვების ზრდაზეც. ადგილობრივ ბაზარზე პირბადეები, ქუდები, ბახილები, წინსაფრები, ერთჯერადი ვინილის და პოლიეთილენის ხელთათმანები შემოგვაქვს. ნედლეულს რაც შეეხება, ჩინელი პარტნიორები გვყავს. ძალიან სერიოზულ კომპანიასთან გვაქვს ურთიერთობა, დიდი დრო დაგვჭირდა, რომ თანამშრომლობა შემდგარიყო. რაც შეეხება რეალიზაციას - ვთანამშრომლობთ გადამყიდველებთან, კლინიკებთან, სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან, ამასთან ნედლეულს კერძო ბიზნესებს ვაწვდით (რესტორანი, სასტუმროები, კვების სწრაფი ობიექტები). კლინიკების წილი მთლიანი გაყიდვების 20%-ია, 40-ი გადამყიდველებს უჭირავს, დანარჩენი რაოდენობა კი, კვების ობიექტებზე, სასტუმროებზე მოდის. მაგალითად, არც ერთი მაღალი დონის რესტორანი შიშველი ხელით არ მუშაობს, არაჰიგიენურია, შესაბამისად, ხელთათმანები სჭირდებათ", - აცხადებს ოთარ კლდიაშვილი.
კომპანიის ხელმძღვანელი ასორტიმენტის გაზრდის შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ პროდუქციის ზრდა დიდ რისკებს უკავშირდება.
"ჩემს სფეროში ოპერირება რთულია, შესაძლოა, დაბალი ხარისხის ნედლეული მიიღო და წაგებაზე გახვიდე. ნელ-ნელა ტენდენციის მიხედვით ვითარდები, დაბალი დონის მომწოდებელ კომპანიებთან პარტნიორობას გამოვრიცხავ. ხარისხის მიმართულებით რომ გესაუბროთ, ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების დაახლოებით 20% ცდილობს, ჯანსაღი გარემო შექმნას, დიდ ნაწილს კი დაბალი ხარისხის პროდუქცია შემოაქვს.
სამედიცინო სახარჯი მასალების იმპორტიორი კომპანია Medhub-ი ადგილობრივ ბაზარზე 7 წელია ოპერირებს.
bp.ge