თურქეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის მომსახურების ექსპორტმა 2024 წელს 3 მილიარდ დოლარს მიაღწია, თურქეთის აღნიშნულ პერიოდში ჯანდაცვის სერვისებით 1.5 მილიონმა უცხოელმა პაციენტმა ისარგებლა.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ადამიანების მიერ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების ძიება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიოსა და ქვეყნის ჯანმრთელობის ტურიზმის სექტორის განვითარებაში.
სამინისტროს განცხადებით, მისი მიზანია, გამაჯანსაღებელი ტურიზმის მხარდაჭერის პროგრამებით გაძლიერდეს ქვეყნის, როგორც სამედიცინო ტურიზმის იმიჯი და საერთაშორისო ბრენდების წყალობით, თურქეთი ამ მიმართულებით მსოფლიოში წამყვანი ქვეყანა გახდეს.
„საზღვარგარეთიდან სამედიცინო ტურისტების რაოდენობა 2012-2024 წლებში 6-ჯერ გაიზარდა და 1.5 მილიონს მიაღწია. ჩვენი ჯანმრთელობის ტურიზმის ექსპორტი 2024 წელს 4-ჯერ გაიზარდა და 3 მილიარდი დოლარი შეადგინა,“ - აცხადებს სამინისტრო.
თურქეთის მთავრობა სამედიცინო ტურიზმს აქტიურად უჭერს მხარს. ამ მიზნით არსებობს პლატფორმა Heal in Turkey, რომლის წევრებიც სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა მხარდაჭერით სარგებლობენ, მათ შორის - გადასახადების კუთხით, ასევე საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის, მარკეტინგის და სხვა მიმართულებებით. ახლა კი მთავრობა სამედიცინო დაწესებულებებსა და შუამავალ კომპანიებს დამატებით შეღავათებს დაუწესებს არამიზნობრივი ქვეყნებიდან სამედიცინო ტურისტების მიზიდვის ხელშეწყობისთვის.
გარდა ამისა, მიმდინარეობს 5 პროექტი ჯანდაცვის ტურიზმის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით.
„ჩვენ გავაგრძელებთ ჯანდაცვის ტურიზმის სექტორისა და ჯანდაცვის მომსახურების ექსპორტიორების მხარდაჭერას, რათა უზრუნველვყოთ ჯანდაცვის მომსახურების მდგრადი ექსპორტი და გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის წილი და დამატებული ღირებულება გლობალურ ჯანდაცვის ტურიზმის ბაზარზე,“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
წყარო: medimagazin.com