2024 წელს საქართველოში 43 971 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 1 215 ადამიანით (2.8%) მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. უწყების ცნობით, გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები, რომლებზეც მოდის გარდაცვლილთა შესაბამისად, 41.3 პროცენტი და 13.0 პროცენტი.
კერძოდ, გარდაცვალების ძირითადი მიზეზების ხუთეული ასეთია:
1. სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები -18 159, წინა წელს იყო 17 100,
2. სიმსივნეები - 5 720, წინა წელს იყო 4 939
3. სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები - 3 641, წინა წელს იყო 3 214
4. საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები - 1 307, წინა წელს 1 294
5. ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები - 891, წინა წელს - 1 102.
ამასთან, როგორც საქსტატი აღნიშნავს, გარდაცვლილთა რაოდენობის პროცენტული განაწილება გარდაცვალების მიზეზების ძირითადი კლასების მიხედვით განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის. 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2024 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და სიმსივნეები.