მსოფლიო მედიის ყურადღება ისრაელში მდებარე, სოროკას კლინიკისკენაა მიმართული, რომელიც ირანმა დაბომბა. ბოლო ცნობებით, წუხანდელი დაბომბვის შედეგად, სოროკას საავადმყოფომ მასშტაბური დაზიანებებ მიიღო, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.


როგორც The Guardian-ი იუწყება, მათ შორის არიან მსუბუქად დაშავებულები, ორი ადამიანის მდგომარეობა კი მძიმეა.

დაღუპულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

Soroka University Medical Center-ი ისრაელის სამხრეთის მთავარი საუნივერსიტეტო საავადმყოფოა, 1 191 საწოლით. 

The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, სამედიცინო ცენტრზე ბალისტიკური რაკეტების მოხვედრამდე 24 საათით ადრე ჯანდაცვის მინისტრმა მოშე ბარ სიმან-ტოვმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც ათობით, თუ ასობით არა, სიცოცხლე გადაარჩინა. 


„დაცალეთ საავადმყოფოს ქირურგიული დარბაზი, ეს უსაფრთხო არაა,“ - განაცხადა მან. კლინიკის თანამშრომლების ნაწილმა ჩათვალა, რომ მინისტრი აჭარბებდა, თუმცა ხუთშაბათს ყველა დარწმუნდა, რომ ეს ასე არ არის. 

გამთენიისას, როდესაც სირენების ხმა გაისმა, ირანული რაკეტა მესამე სართულის ცარიელ ქირურგიულ განყოფილებას დაეჯახა. შენობის დაზიანება სერიოზული იყო, მაგრამ ბარ სიმან-ტოვის პრევენციული ბრძანების წყალობით, ადამიანები გადარჩნენ. ათობით პაციენტი უკვე გადაყვანილი იყო უფრო უსაფრთხო ადგილებში. 
გამოცემის ინფორმაციით, ბარ სიმან-ტოვის მითითება ოთხშაბათს შუადღისას გაკეთდა, როდესაც ისრაელის მხარემ მიიღო ცნობები 20-ზე მეტი რაკეტისა და უპილოტო საფრენი აპარატის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. სოროკას ქირურგიული განყოფილება შეფასდა, როგორც ყველაზე დაუცველი, რის გამოც საავადმყოფოს ადმინისტრაციას დაევალა, ყველა პაციენტი და პერსონალი ამ სართულიდან სხვა ფლიგელებში გადაეყვანათ.

საავადმყოფოს დაბომბვის ფაქტი მხოლოდ ისრაელში არ დაფიქსირდა - ორიოდე დღის წინ ირანმა განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან განხორციელდა სამედიცინო დაწესებულების დაბომბვა.
კერძოდ, ირანული მხარის მონაცემებით, 2025 წლის 16 ივნისს ისრაელის თავდაცვის  ძალებმა ირანულ ჰოსპიტალზე Farabi Hospital-ზე მიიტანეს იერიში, რის გამოც დაზიანდა სამედიცინო ინფრასტრუქტურა და მიმდებარე შენობები. 


დაშავებულთა და დაღუპულთა შედარებით დაზუსტებული მონაცემი არ არსებობს.