მსოფლიოში პირველი "ხელოვნური ინტელექტის საავადმყოფო" გადამწყვეტ ნაბიჯს დგამს — მას უკვე ათასობით ვირტუალური პაციენტი ჰყავს გამოკვლეული. უახლოეს ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ეს სისტემა მომავალში ჯანდაცვის სფეროს რადიკალურად შეცვლას შეძლებს.


ხელოვნური ინტელექტი განაგრძობს მსოფლიოსა და საზოგადოებების გარდაქმნას და ჯანდაცვის სექტორი ამ ცვლილების ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ასპარეზად იქცა. ისტორიაში პირველად, ჩინეთმა "ხელოვნური ინტელექტის ექიმების" ტესტირება დაიწყო.

უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიული კვლევების ინსტიტუტის (AIR) მიერ შემუშავებული ტექნოლოგიის წყალობით, ვირტუალურ სამედიცინო ცენტრში 21 სხვადასხვა მიმართულების, 42 ხელოვნური ინტელექტის ექიმი მუშაობს. 


მეცნიერების მიერ შექმნილი ეს მოდელი სიმულაციას უკეთებს დახურული ციკლის საავადმყოფოს, რომელიც მოიცავს ისეთ პროცესებს, როგორიცაა დაავადების გამოვლენა, ტრიაჟი, რეგისტრაცია, გასინჯვა, დიაგნოზი, მკურნალობა, რეცეპტის გაცემა, რეაბილიტაცია და შემდგომი მეთვალყურეობა.


AI ექიმები აანალიზებენ სამედიცინო ლიტერატურას და იღებენ გადაწყვეტილებებს პაციენტის მკურნალობის შესახებ, მუდმივად სწავლობენ და აუმჯობესებენ საკუთარ ცოდნას საკუთარი გამოცდილების საფუძველზე.


ვირტუალურმა საავადმყოფომ მხოლოდ რამდენიმე დღეში შეძლო 10,000 ვირტუალური პაციენტის დიაგნოსტირება, რაც უდრის იმ დროის ოდენობას, რასაც ექიმი მოანდომებს საშუალოდ 100 პაციენტის გასინჯვაზე კვირაში, ორი წლის განმავლობაში.


ამასთან, ხელოვნური ინტელექტის ექიმებმა მიაღწიეს 93.06%-იან სიზუსტეს იმ მონაცემთა ბაზაში, რომელიც რესპირატორულ დაავადებებს მოიცავს.

ცინგჰუას უნივერსიტეტის მთავარი მკვლევარი ლიუ იანი Global Times-თან აცხადებს, რომ ეს ტექნოლოგია გარდაქმნის დიაგნოზისა და მკურნალობის პროცესს და დიდ სარგებელს მოუტანს როგორც ექიმებს, ისე საზოგადოებას.


თუმცა, ტექნოლოგიის დანერგვამდე, მკვლევარებმა უნდა დაიცვან ეროვნული ჯანდაცვის რეგულაციები და შეისწავლონ ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის თანამშრომლობის ყველაზე ეფექტური გზები.
კვლევის გუნდი ამჟამად მუშაობს იმ დაავადებების რიცხვის გაფართოებაზე, რომლებზეც AI ექიმები დიაგნოზის დასმას შეძლებენ.

ლიუ იანის განცხადებით, სისტემა უკვე თითქმის მზადაა რეალურ გამოყენებაზე გადასასვლელად.


პროექტის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ეს ჰოსპიტალი რევოლუციას მოახდენს ექიმების განათლებაში, ტელემედიცინის განვითარებასა და დაავადებების პროგნოზირებაში.