დონალდ ტრამპმა 2025 წლის მაისი ფიზიკური მომზადებისა და სპორტის თვედ გამოაცხადა.
მისი ოფიციალური მიმართვის თანახმად, რომელიც თეთრმა სახლმა 24 მაისს გაავრცელა, ტრამპი მოუწოდებს ამერიკელ ხალხს, ფიზიკური აქტივობა და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართონ.

„ფიზიკური მომზადებისა და სპორტის ეროვნული თვის განმავლობაში ჩვენ აღვნიშნავთ ფუნდამენტურ როლს, რომელსაც ფიზიკური მომზადება და სპორტი ასრულებს იმაში, რომ დაგვეხმაროს, ვიცოცხლოთ უფრო დიდხანს, ჯანმრთელად და სრულფასოვანი ცხოვრებით. სპორტის, ფიტნეს-პროგრამებისა და აქტივობის წყალობით გვაქვს შესაძლებლობა, გავაუმჯობესოთ ჩვენი ჯანმრთელობა, გავაძლიეროთ ჩვენი საზოგადოებები და შევქმნათ უფრო ნათელი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის,“ – აცხადებს ტრამპი.

მისი თქმით, ქვეყანა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ აქცევდა პირველხარისხოვან ყურადღებას ამერიკელი ხალხის ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. ამ გულგრილობამ კი, მისივე განცხადებით, დამანგრეველ შედეგებამდე მიგვიყვანა. შედეგად, როგორც ტრამპი ამბობს, შეერთებული შტატები სხვა განვითარებულ ქვეყნებს ჩამორჩება სიცოცხლის ხანგრძლივობით, ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკითა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთო მონაცემებით.

თუმცა, დონალთ ტრამპის თქმით, გულგრილობის ეს ეპოქა დასრულდა, როცა მან პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.

შტატების პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მის მიერვე შექმნილი კომისიის მნიშვნელობას სახელწოდებით „ვაქციოთ ამერიკა კვლავ ჯანმრთელად“. ტრამპის თქმით, კომისიას დაევალა უზრუნველყოს ამერიკელების ხელმისაწვდომობა ჯანსაღ საკვებზე და ამავდროულად აღმოფხვრას ბავშვთა ქრონიკული დაავადებების მიზეზები.

„საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან, როგორც ჩემი ადმინისტრაციის ქვაკუთხედთან ერთად, ჩვენ შევქმნით მომავალს, სადაც ამერიკელი ხალხი იქნება უფრო ჯანმრთელი და ძლიერი, როგორც არასდროს მანამდე,“ – აცხადებს ტრამპი.

თავის მიმართვაში ის ასევე აღნიშნავს, რომ სპორტში აქტიური ჩართულობა, განსაკუთრებით ახალგაზრდების, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ მისი ადმინისტრაცია ცდილობს, ამერიკის სპორტული მოედნები იყოს უსაფრთხო, უფასო და ხელმისაწვდომი მომავალი თაობებისთვის. ტრამპი აღნიშნავს რომ მისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში მან გამოსცა ბრძანება ბავშვების სპორტში ჩართულობის გაფართოებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების შესახებ.

„მე ასევე, ახლახანს სიამაყით მოვაწერე ხელი ბრძანებას ქალთა სპორტში ბიოლოგიურიი მამაკაცების ჩართვის დაუშვებლობის შესახებ, რითიც ჩვენს სპორტსმენებს მივეცი შეჯიბრისა და წარმატების თანაბარ და პატიოსან პირობებში მიღწევის თავისუფლება,“ – აცხადებს ტრამპი.

goodlife.ge