ესპანეთში, ნავარის უნივერსიტეტში იწყება მასშტაბური კვლევა, რომელმაც უნდა გასცეს პასუხი შეკითხვას, რა გავლენას ახდენს ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება ჯანმრთელობაზე.

გამოცემა Antena3-ის მონაცემებით, პროექტი UNATI ითვალისწინებს 50-დან 70 წლამდე ასაკის იმ 10 ათასი მოხალისის კვლევაში ჩართვას, რომლებიც რეგულარულად, თუმცა ზომიერად მოიხმარენ ალკოჰოლს.

მეცნიერები გეგმავენ, დაადგინონ ალკოჰოლის გრძელვადიანი გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, კიბოს განვითარების რისკზე, დემენციასა და სხვა დაავადებაზე. 


კვლევა ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ამისთვის კი საჭიროა, რომ ივნისამდე 10 ათასი მოხალისე მოძებნონ, რომლებიც კვირაში მინიმუმ სამ ალკოჰოლურ სასმელს მოიხმარენ. 


პროექტს ევროპის კვლევითი საბჭო აფინანსებს. დაფინანსების მოცულობა 2,4 მილიონ ევროს შეადგენს. კვლევა დამოუკიდებელია ალკოჰოლური ინდუსტრიისგან, რაც შედეგების მიუკერძოებლობის გარანტიაა. 


მსოფლიოში ალკოჰოლის ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ დისკუსია ამ დრომდე გრძელდება. სხვადასხვა კვლევა ამ საკითხზე ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნებს გვთავაზობს. 


მაგალითად, ერთ-ერთი კვლევა საუბრობს ღვინის ზომიერი მოხმარების დადებით გავლენაზე გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის.

თუმცა მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი რამაა შესასწავლი. 
ახალი პროექტის ჩაშვებით ესპანეთი პოზიციონირებს, როგორც მსოფლიო ლიდერი ალკოჰოლის ჯანმრთელობაზე გავლენის შესწავლის კუთხით. ეს იქნება ყველაზე მასშტაბური კვლევა ამ მიმართულებით.