ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ერ-რიადში ექვსი ადამიანი - სამედიცინო და სოციალურ სფეროებში დასაქმებულები - ახლო აღმოსავლეთის კორონავირუსით დაინფიცირდა.
ოთხ მათგანს სიმპტომები არ აქვს, ორს კი მსუბუქად გამოხატული გართულებები აღენიშნება.
ჯანმო აცხადებს, რომ აღნიშნული ინფექციის გავრცელების საფრთხე ზომიერია როგორც გლობალურ, ისე რეგიონულ დონეებზე. ვირუსი კვლავ საფრთხედ რჩება იმ ქვეყნებში, სადაც ის ცირკულირებს ერთკუზიან აქლემებში და მათგან ადამიანებზე გადადების უნარი აქვს.
ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი არის მწვავე ინფექციური რესპირატორული დაავადება, რომელსაც კორონავორუსი იწვევს. პირველად ის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში 2012 წელს გამოვლინდა, როცა საუდის არაბეთის ერთ-ერთ ჰოსპიტალში პნევმონიის სიმპტომებით 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. სიკვდილის შემდგომმა ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დაავადების გამომწვევი მანამდე უცნობი კორონავირუსი იყო.
ვირუსი გამოვლინდა ძირითადად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში – საუდის არაბეთი, იორდანია, ქუვეითი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები. ასევე შემთხვევები დაფიქსირდა ევროპასა და აზიაში იმ მოგზაურებს შორის, რომლებიც ახლო აღმოსავლეთიდან დაბრუნდნენ.
2025 წლის მარტის მდგომარეობით, მსოფლიოში დადასტურებულია 2,626 შემთხვევა, მათ შორის 953 გარდაცვალება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, მიიღონ ზომები ინფექციის პროფილაქტიკისა და კონტროლისთვის, რათა მისი გავრცელება თავიდან აირიდონ.
ვირუსით ინფიცირების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:
•მაღალი სიცხე
•ხველა
•ქოშინი
•სუნთქვის გაძნელება
•ზოგიერთ შემთხვევაში – დიარეა, გულისრევა, ღებინება
დაავადება შეიძლება პროგრესირდეს პნევმონიამდე და სუნთქვის მწვავე უკმარისობამდე, განსაკუთრებით ხანდაზმულებში ან ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში.
მიმდინარე წლის 1 მარტიდან 21 აპრილამდე პერიოდში საუდის არაბეთის ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული ვირუსით ადამიანების დაინფიცირების 9 შემთხვევის შესახებ განაცხადა. მათგან ორი პაციენტი გარდაიცვალა. ერ-რიადში დაფიქსირებული ბოლო შემთხვევები პაციენტის მოვლას უკავშირდება.
ამ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ ეტაპზე არ არსებობს.