მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, გასული წლის 3 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს დაშავებულ ალექსანდრე თირქიას ჯანდაცვის სამინისტრომ დაფინანსებაზე უარი უთხრა, განმარტება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა. ჟურნალისტის შეკითხვას მან ასე უპასუხა:


„რა თქმა უნდა, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. ნახევრად ნათქვამი სიმართლე, თუ რაც გინდათ ის დავარქვათ, მაგრამ რეალობა გახლავთ ასეთი – ერთ-ერთი კლინიკის თუ მათი პერსონალის დაუდევრობის გამო არასწორი  მიმართულებით იქნა გამოგზავნილი განაცხადი და ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით. ეს გადასარევად იცის თვითონ კლინიკამაც და მისმა თანამშრომლებმაც, რომლებმაც არასწორი დოკუმენტაცია ატვირთეს არასწორ ადგილას არასწორი ფორმით.


სხვა წინა შემთხვევებშიც ამ კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით ყოველთვის დამაკმაყოფილებელი და მისაღები გადაწყვეტილება მიიღებოდა ჩვენი სამინისტროს მხრიდან. ასეც იქნება, როგორც კი არა დაუდევრობით, არამედ გულისხმიერებით მოეკიდებიან კონკრეტული პაციენტის ინტერესებს – სწორად ატვირთავენ კონკრეტულ დოკუმენტაციას, რასაკვირველია, ეს გახდის შესაძლებელს, რომ კონკრეტული სამედიცინო მანიპულაცია კონკრეტულ პირს დაუფინანსდეს. სხვაგვარად ეს არ შეიძლება,“- ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

შეგახსენებთ, რომ დაშავებული ახალგაზრდა დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მედიკამენტოზური ძილის ქვეშ, ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა. 17 დეკემბერს ის რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს. მკურნალი ექიმების განცხადებით, მას ძვლების იმპრესიული მოტეხილობა ჰქონდა – შუბლის ძვლების, შუბლის წილის გარკვეული ტიპის დაზიანებით. მან კლინიკა 19 დეკემბერს დატოვა. 


19 დეკემბერს რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში პაციენტის ბიძამ იოსებ ჩანადირმა განაცხადა, რომ ახალგაზრდის კლინიკაში მკურნალობის ხარჯები სახელმწიფომ დაფარა და ოჯახმა მიიღო პირობა, რომ რეაბილიტაციის თანხებსაც სახელმწიფო გადაიხდიდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრი დღეს ამბობს, წინა შემთხვევებში, როცა დოკუმენტაცია სწორად იქნა ატვირთული კლინიკის მხრიდან, სამინისტრომ დააფინანსა მოთხოვნილი სერვისები. თუმცა მოთხოვნილი სერვისები და დაფარული თანხა მიხეილ სარჯველაძეს მედიასთან არ დაუკონკრეტებია.