26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა – ეროვნული დღესასწაული, რომელიც სახელმწიფო დონეზე ყოველწლიურად განსაკუთრებული მასშტაბით აღინიშნება.

ტრადიციულად, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩართულია სახელმწიფო უწყებები.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, წელს საზეიმო ღონისძიებას ამბროლაურში მართავს. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი -ზვიად მხეიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან. ისტორიულ თარიღთან დაკავშირებით, ამბროლაურის კულტურის სახლის მიმდებარედ, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობს.

ღონისძიება მოიცავს საოჯახო და საბავშვო გასართობ სივრცეებს, საზეიმო მსვლელობასა და მუსიკალურ კარნავალს, თემატურ-ისტორიულ კუთხეს, რომელიც ეძღვნება საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918–1921) პერიოდის იმ გამორჩეულ ექიმებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებაში.

ადგილზეა თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. განსაკუთრებით - საქართველოს ჰიმნითა და დღის ფოიერვერკით აღინიშნება, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დრო -17:10 საათი, რის შემდეგაც გაიმართება დასკვნითი კონცერტი.