გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები დაავადების გამოწვევებსა და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის აუცილებელ საჭიროებებზე იმსჯელებენ.


30 მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ თბილისში" (მის: 26 მაისის მოედანი #1) გაფანტული სკლეროზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტები და მათი ოჯახის წევრები დაავადების გამოწვევებსა და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის აუცილებელ საჭიროებებზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.


ღონისძიება „მრავლობითი სკლეროზის საქართველოს ფონდის" ეგიდით, საინფორმაციო კამპანიის "ერთად ერთმანეთისთვის" ფარგლებში ეწყობა. კამპანიის მთავარი მიზანია დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, გაფანტული სკლეროზის მართვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და რეგიონებში მცხოვრები პაციენტებისთვის ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
კამპანიის ისტორია და მიღწევები

გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეს საქართველო 2018 წლიდან შეუერთდა. სწორედ ამ დროს აიღო სტარტი კამპანიამ "ერთად ერთმანეთისთვის", რომლის ფარგლებშიც უამრავი საინფორმაციო აქტივობა განხორციელდა და გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები:

2019 წლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო და 2020 წლიდან ქალაქი თბილისის მერია თბილისში მცხოვრებ გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს მკურნალობას უფინანსებს.

2024 წლიდან მოიხსნა თანადაფინანსების პრინციპი და ასაკობრივი შეზღუდვა - თბილისსა და აჭარაში მცხოვრები პაციენტები მკურნალობაზე სრული ხელმისაწვდომობით სარგებლობენ.

2022 წელს გაიცა დაპირება რეგიონებში მკურნალობის დაფინანსების პროგრამის დაწყების შესახებ, თუმცა დანაპირების შესრულებას თუმცა პაციენტები უკვე სამი წელია მოლოდინის რეჟიმში არიან.


პაციენტები მიიჩნევენ, რომ გაფანტული სკლეროზის პროგრესირების შეჩერებისა და ქმედითი უნარების შენარჩუნებისთვის ყოველი წუთი გადამწყვეტია და სთხოვენ სახელმწიფოს დანაპირების სისრულეში მოყვანას.
რეგიონებში მკურნალობის ხელმისაწვდომობა - კვლავ გადაუჭრელი პრობლემა ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ „მრავლობითი სკლეროზის ფონდის“ თავმჯდომარე, ქეთევან ვარსიმაშვილი და გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტი, მაია მგელაძე. ისინი კიდევ ერთხელ შეაჯამებენ არსებულ ვითარებას, გამოწვევებსა და სამომავლო ნაბიჯებს. ასევე იმსჯელებენ მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით  და სახელმწიფოს კიდევ ერთხელ  შეახსენებენ, რომ რეგიონში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანები კვლავ დაფინანსების მოლოდინში არიან. 


შეგახსენებთ, რომ  2022 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოიცა ბრძანება საქართველოს სხვა რეგიონებში მკურნალობის დაფინანსების შესახებ, თუმცა, ამ დრომდე, პროგრამა ამოქმედებული არ არის და საქართველოს რეგიონებში მცხოვრები პაციენტები, თბილისისა და აჭარის გარდა, მკურნალობის გარეშე, ყოველდღიურად კარგავენ ქმედით უნარებს.


მულტიდისციპლინური მიდგომა და რეაბილიტაციის მნიშვნელობა


გაფანტული სკლეროზის დღეს პაციენტები ყოველ წელს სხვადასხვა აქტივობით ხვდებიან და პატარა ნაბიჯებით ერთმანეთის მხარდაჭერასა და გაძლიერებას ცდილობენ. წლევანდელი შეხვედრა ეთმობა გამოწვევებსა და მკურნალობაში მულტიდისციპლინური მიდგომის მნიშვნელობას. 


გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანებს ყოველდღიური ფუნქციების პროგრესული შეზღუდვა აღენიშნებათ, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მათი ცხოვრების ხარისხზე. ამ პირობებში რეაბილიტაციური პროგრამები კრიტიკულად მნიშვნელოვანია დაავადების სიმპტომების მართვისა და დამოუკიდებელი ცხოვრების შენარჩუნებისთვის. სამწუხაროდ, დღესდღეობით საქართველოში რეაბილიტაციური მომსახურება არ ფინანსდება და მხოლოდ ერთეულები, ინდივიდუალური მიმართვის საფუძველზე, ახერხებენ გარკვეული პროგრამის მიღებას.


სწორედ ამ მიზნით, შეხვედრის ფარგლებში მოწვეული ექიმი-რეაბილიტოლოგი, სოფო შაგიძე პაციენტებსა და მათ ოჯახის წევრებს გაუზიარებს პრაქტიკულ რჩევებს, როგორ გაუმკლავდნენ დაავადების სიმპტომებს სახლის პირობებში. წარმოდგენილი იქნება პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც დაეხმარება პაციენტებს ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში.

შეხვედრა ხაზს გაუსვამს, რომ გაფანტული სკლეროზით ცხოვრება რთულია, მაგრამ  ადეკვატური მკურნალობისა და რეაბილიტაციის პირობებში შესაძლებელი.


ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ


გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა, რომლითაც მსოფლიოში დაახლოებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკში ვლინდება, რის გამოც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში.


დაავადების ყველა ფორმის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაავადების აქტივობა - ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი, როცა პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება.


გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება ადრეულ სტადიაზევე, რათა შეფერხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ გამოიყენება დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას.