28 მაისს, 17:30 საათზე, სასტუმრო „სვის ოტელ თბილისში“ (მის: ს.ვირსალაძის #3) გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია, თემაზე: „გაფანტული სკლეროზის მართვის თანამედროვე მიდგომები“. კონფერენცია ეძღვნება გაფანტული სკლეროზის მსოფლიო დღეს, რომელიც ტრადიციულად, 30 მაისს აღინიშნება და მას სხვადასხვა აქტივობით საქართველოც უერთდება. ღონისძიების მიზანს გაფანტული სკლეროზის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით სიახლეების გაცნობა და მათი საქართველოში დანერგვა წარმოადგენს.
ექსპერტ-ნევროლოგები, კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ ნევროლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე, ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის, კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა ჯანელიძე და თოდუას კლინიკის ნეირორადიოლოგის და ნეირომენიერების მიმართულების ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საქართველოს ნეირორადიოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მიხეილ ოკუჯავა. გააკეთებენ სამეცნიერო მოხსენებებს, განახლებული რეკომენდაციები - უბრალოდ გაფართოებული ჰორიზონტი თუ პარადიგმის ცვლილება, მაგნიტურეზონანსული გამოსახვის როლი გაფანტული სკლეროზის მართვაში და სხვა. მოხსენებების შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსია, რომლის ფორმატშიც მოხდება არსებული მიღწევებისა და გამოწვევების მიმართულებით მსჯელობა.
სპეციალურად ამ დღისთვის, მოწვეულია ექსპერტ-ნევროლოგი, გერმანიის ქალაქ ვიურცბურგის უნივერსიტეტის ნევროლოგიის პროფესორი, კლინიკა ვიურცბურგ მითეს ნევროლოგიის განყოფილების დირექტორი მათიას მაუერერი, რომლის მრავალწლიანი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა გაფანტული სკლეროზი და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა ანთებითი დაავადებები. ბ-ნი მათიასი 2011 წლიდან ასევე არის გაფანტული სკლეროზით დაავადებულთა ეროვნული ასოციაციის (AMSEL) და გერმანული გაფანტული სკლეროზის საზოგადოების (DBSG)სამედიცინო მრჩეველთა საბჭოს წევრი.
მათიას მაუერერი მოწვეულ ექიმებს გააცნობს გაფანტული სკლეროზის მართვის თანამედროვე მიდგომებს და ისაუბრებს მკურნალობის ახალ შესაძლებლობაზე - ოკრევუსი (ოკრელიზუმაბი) კანქვეშა ფორმა, რომელიც არის პირველი, წელიწადში ორჯერ მისაღები, მაღალეფექტური დაავადების მამოდიფიცირებელი მედიკამენტი, ამავდროულად პაციენტისათის მეტად კომფორტული, მოქნილი და ხარჯთეფექტური.
დასასრულს, მოწვეული ექიმები კიდევ ერთხელ იმსჯელებენ და ყურადღებას გაამახვილებენ დაავადების მართვასა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე.
ღონისძიება კიდევ ერთი შესაძლებლობაა, პროფესიული განვითარებისა და ცოდნის განახლების, ქართველ და საერთაშორისო ექსპერტებს შორის გამოცდილების გაზიარების.
ცნობისათვის, გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა. პირველი სიმპტომები უმეტესად ახალგაზრდა ადამიანებში, 20-დან 40 წლის ასაკში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი ახალგაზრდებში არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია. შესაძლოა პაციენტმა დაკარგოს ან შეეზღუდოს სიარულის ან საუბრის უნარი, მხედველობა. ახალგაზრდებს, რომლებიც კარიერისა და ოჯახის დაგეგმვაზე უნდა იყვნენ ორიენტირებულები, ძირითადად იმაზე უწევთ ზრუნვა, როგორ მოიპოვონ მკურნალობისთვის აუცილებელი სახსრები, რათა დაავადება არ პროგრესირდეს. ექსპერტთა გამოცდილების საფუძველზე, დღესდღეობით საქართველოში, ამ დაავადების მქონე დაახლოებით 1200-1300 ადამიანია, რომელთაგან 2024 წლის მონაცემებით, თბილისის მერიის პროგრამით 250 და აარ პროგრამით 50-მდე პაციენტი სარგებლობს.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლიდან დედაქალაქის მერიამ და აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პაციენტებისთვის მკურნალობა ხელმისაწვდომი გახადა. 2022 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოიცა ბრძანება საქართველოს სხვა რეგიონებში მკურნალობის დაფინანსების შესახებ, თუმცა, ამ დრომდე, პროგრამა ამოქმედებული არ არის. 2024 წლის 13 აპრილს ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილს სარჯველაძე პაციენტებს შეხვდა და შესაბამის უწყებებთან ერთად საკითხის უმოკლეს ვადაში განხილვას დაჰპირდა. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები პაციენტები, თბილისისა და აჭარის გარდა, მკურნალობის გარეშე, ყოველდღიურად კარგავენ ქმედით უნარებს.
ცნობისათვის, ყოველწლიურად, 30 მაისს, მთელ მსოფლიოში, აღინიშნება გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღე, რომლის მიზანს ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირების დონის ამაღლება, მისი დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. აღნიშნულ დღეს საქართველო 2018 წლიდან შეუერთდა.