გლობალურმა დათბობამ, შესაძლოა, ქალებში სხვადასხვა ტიპის სიმსივნის რისკი გაზარდოს - ამის შესახებ გამოცემა Technologynetworks-ი წერს.
გამოცემის თანახმად, მეცნიერებმა, რომლებიც იკვლევენ კლიმატის ცვლილების გავლენას ქალების ჯანმრთელობაზე, აღმოაჩინეს, რომ ჰაერის ტემპერატურის მატება დაკავშირებულია მკერდის, საკვერცხის, საშვილოსნოსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების ზრდასთან. მათ გააანალიზეს მონაცემები 17 ქვეყანაში, კერძოდ, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, სადაც 2050 წლისთვის ტემპერატურის 4 გრადუსით მატებაა მოსალოდნელი. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ოთხი ტიპის კიბო ტემპერატურის თითო გრადუსით მატებასთან ერთად უფრო ხშირად გვხვდება. ეს ზრდა უკეთესი დიაგნოსტიკითა ან გადარჩენის მაჩვენებლების გაუმჯობესებით არ აიხსნება. მკვლევრები მოუწოდებენ, კლიმატური მდგრადობის საკითხები სასწრაფოდ ინტეგრირდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გეგმებში.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გლობალური დათბობა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მკერდის, საკვერცხის, საშვილოსნოსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს უფრო გავრცელებულსა და მომაკვდინებელ დაავადებად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ ზრდა მცირეა, იგი სტატისტიკურად მნიშვნელოვანია, რაც კიბოს რისკისა და სიკვდილიანობის მატების ტენდენციაზე მიანიშნებს.
„ტემპერატურის მატებასთან ერთად ქალებში კიბოთი გარდაცვალების მაჩვენებელიც იზრდება — განსაკუთრებით საკვერცხისა და მკერდის კიბოს შემთხვევაში,“ — განაცხადა დოქტორმა ვაფა აბუელხეირ მატარიამ კაიროს ამერიკული უნივერსიტეტიდან. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული გრადუსით ტემპერატურის მატება მხოლოდ მცირე ზრდას იწვევს, მათი ერთობლივი გავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ძალზე მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ტემპერატურის ზრდა, საკვების და წყლის უსაფრთხოების შემცირება და ჰაერის დაბალი ხარისხი მთელს მსოფლიოში ზრდის დაავადებებისა და სიკვდილიანობის ტვირთს. ბუნებრივი კატასტროფები და ამინდის მოულოდნელი პირობებით გამოწვეული სტრესი არღვევს ინფრასტრუქტურას, მათ შორის ჯანდაცვის სისტემებსაც. კიბოს შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ადამიანები უფრო მეტად ექვემდებარებიან რისკის ფაქტორებს, როგორიცაა გარემოს ტოქსინები. ამ ფაქტორების ერთობლიობამ შესაძლოა კიბოს შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდამდე მიგვიყვანოს, თუმცა ამის რაოდენობრივად შეფასება რთულია.
დაკვირვებამ აჩვენა, რომ სხვადასხვა ტიპის კიბოს გავრცელების მაჩვენებელი თითოეულ დამატებით გრადუს ცელსიუსზე 173-დან 280 შემთხვევამდე გაიზარდა 100,000 ადამიანზე. ყველაზე დიდი ზრდა საკვერცხის კიბოს შემთხვევაში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მცირე — მკერდის კიბოს შემთხვევაში. სიკვდილიანობა გაიზარდა 171-დან 332 გარდაცვალებამდე 100,000 ადამიანზე თითოეულ გრადუს ტემპერატურის მატებაზე. სიკვდილიანობის ზრდაც ყველაზე მაღალი იყო საკვერცხის კიბოს, ხოლო ყველაზე დაბალი — საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევაში.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაცემები მიუთითებს, რომ გარემოს ტემპერატურის ზრდა, სავარაუდოდ, კიბოს ამ ტიპების რისკის ფაქტორია, ისინი ასევე აჩვენებს, რომ ტემპერატურა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ გავლენას ახდენს — რაც ნიშნავს, რომ რისკს, სავარაუდოდ, სხვა ფაქტორებიც განაპირობებს. მაგალითად, ტემპერატურის მატება ზოგიერთ რეგიონში შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰაერის კანცეროგენული დაბინძურების უფრო მაღალ დონესთან.
სპეციალისტების თქმით, ტემპერატურის მატება, სავარაუდოდ, მოქმედებს სხვადასხვა მექანიზმის მეშვეობით - ის ზრდის ექსპოზიციას ცნობილ კანცეროგენებზე, არღვევს ჯანდაცვის მომსახურების მიწოდებას და შესაძლოა, ბიოლოგიურ პროცესებზეც კი მოქმედებდეს უჯრედულ დონეზე. ამ მექანიზმების ერთობლიობამ დროთა განმავლობაში შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს კიბოს რისკი.
მკვლევრების თქმით, ეს კვლევა ვერ ამტკიცებს პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, მიუხედავად იმისა, რომ ითვალისწინებს ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის დონეს, შესაძლოა სხვა გაუთვალისწინებელი ფაქტორებიც თამაშობდნენ როლს. თუმცა, სხვადასხვა ქვეყანაში და კიბოს სხვადასხვა ტიპზე დაფიქსირებული კავშირები მყარ საფუძველს იძლევა შემდგომი კვლევისთვის.
კვლევის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ამ ტენდენციის პირობებში აუცილებელია კიბოს სკრინინგის პროგრამების გაძლიერება, კლიმატისადმი გამძლე ჯანდაცვის სისტემების შექმნა და გარემოს კანცეროგენებზე ექსპოზიციის შემცირება.