ინგლისში დაიწყეს მოქალაქეებისთვის ინექციების გაკეთება, რომლებიც კიბოს 15 სახეობის წინააღმდეგაა მიმართული.


ინფორმაციას ბრიტანული „გარდიანი“ ავრცელებს. 


გამოცემა წერს, რომ ინგლისი გახდა ევროპის პირველი ქვეყანა, რომელმაც ონკოლოგიურ პაციენტებს იმუნოთერაპიული პრეპარატის „ნივოლუმაბის“ საინექციო ფორმა შესთავაზა. მედიკამენტის კომერციული დასახელება „ოპდივოა“.

იმ დაავადებებს შორის, რომელთა წინააღდეგაც ეს ინექციაა მიმართული, არის ფილტვების, კუჭის, თავის ტვინის და კანის კიბო. პრეპარატის ორგანიზმში შეყვანას 5 წუთი სჭირდება განსხვავებით ვენაში შესაყვანი მედიკამენტებისგან, რომლებსაც პაციენტი წვეთოვანის საშუალებით იღებს და ამ პროცედურას ერთი საათი სჭირდება.

პროგნოზების თანახმად, სწრაფი მკურნალობის ეს მეთოდი წელიწადში სარგებელს 15 ათასამდე პაციენტს მოუტანს და მნიშვნელოვნად შეამცირებს საავადმყოფოების დატვირთვას. სპეციალისტების შეფასებით, ეს სიახლე არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი კიბოს მკურნალობის პროცესში. ინექცია  იმუნურ სისტემას ეხმარება, გამოავლინოს და შეუტიოს კიბოს უჯრედებს, თანაც გაცილებით მოსახერხებელი ფორმით. 


ექსპერტები ამბობენ, რომ ეს სიახლე ამყარებს კიბოს კვლევების „ოქროს ხანის“ პერსპექტივებს.

პროფესორ  პიტერ ჯონსონის თქმით, დროის ეკონომია მედპერსონალს შესაძლებლობას მისცემს, უფრო მეტ პაციენტს უმკურნალონ და კლინიკები არ გადაიტვირთოს.

„იმუნოთერაპია უკვე გახდა უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი კიბოს მქონე ბევრი პაციენტისთვის და მისი ინექციის ფორმით შეთავაზება, სულ რამდენიმე წუთიანი პროცედურით ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს პროცესი გაცილებით მოსახერხებელი გავხადოთ,“ - აღნიშნა მან.

ნივოლუმაბი იმუნურ სისტემას აძლევს შესაძლებლობას, ებრძოლოს კიბოს იმით, რომ ბლოკავს სიმსივნური უჯრედების სიგნალებს, რომლებიც იმუნურ სისტემას ამ უჯრედების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებას არ აძლევს. შედეგად, იმუნური სისტემა გამოავლენს და უტევს კიბოს უჯრედებს.

ექსპერტები ამბობენ, რომ აღნიშნულ მეთოდს ექნება სასიცოცხლო მნიშვნელობა კიბოთი დაავადებული პაციენტების ადრეული და ეფექტიანი მკურნალობისთვის.